02.06.2011
საქართველოს პრეზიდენტი რომში ქართულ ლიტურგიას დაესწრო
რომში წმინდა თომა ვილანოველის სახელობის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ სამრევლოსთან ერთად ლოცვას დაესწრო, რომელიც ქართულ ენაზე დღეს პირველად აღევლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ქართველ მრევლს მიმართა.
„ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად, გაჩნდა იმის შეგნება და საშუალება, რომ ყველგან იყოს, თუნდაც, მოკრძალებული საკვირაო სკოლები, იყოს კულტურული ჯგუფები, ფოლკლორული ანსამბლები, დისტანციური განათლების სხვდასხვა კურსები, რათა ჩვენმა ბავშვებმა არ დაკარგონ ქართული ენა. ადრე ამის რესურსები არ გვქონდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, თუ კარგავენ ენას, კარგავენ იდენტურობას; იდენტურობის დაკარგვით კი, იკარგება მთავარი რამ, რასაც ეფუძნება ჩვენი ნიჭიერება. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში, არის პოზიტიური მიგრაციის სალდო. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით 2008 წელს, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის. ეს ყველა მონაცემით ასეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდობა შედარებით ნაკლებად ტოვებს საქართველოს. ეს უკვე მნიშვნელოვანი რამ არის. ასევე, მნშვნელოვანია ის, რომ არის, თუნდაც მცირედი, მაგრამ შობადობის მაინც პოზიტიური ბალანსი. ჩვენ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან უჭირს. ერთი მხრივ, ბევრი ლაპარაკობს საქართველოს წარმატებებზე. გუშინ მქონდა ჩვენი მხარდამჭერი, თბილი და ხანგრძლივი შეხვედრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან. მთავარი, რაც მან თქვა იყო ის, რომ ორი ორი წლის წინათ გადატანილი უბედურების შემდეგ, ქვეყანა ასე წამომდგარიყო ფეხზე და ასე სწრაფად დამდგარიყო წარმატების გზას, მსგავსი მაგალითი არ ვიციო. ეს არის ქართველების განსაკუთრებული ნიჭი. ყველაფერი გვაქვს განცდილი, ყველა ქარბობალამ გადაიარა ჩვენ თავზე და მაინც არ გავტყდით. მთავარია არა ის, რომ არ წაიქცე, არამედ ის, რომ შეძლო წამოდგომა და გზის გაგრძელება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ვატიკანის ვიტარუსმა ქართულ მხარეს წმინდა თომა ვილანოველის სახელობის ტაძარში სხვადასხვა სასულიერო დღესასწაულებისა და ყოველკვირეული წირვა-ლოცვის აღსავლენად დაუთმო. სასულიერო ლიტურგიას ქართველი მღვდელ-მონაზონი მამა იოანე უძღვებოდა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ დრო გამონახა და ქართველ მრევლს შეხვდა. მისი თქმით, ეს დიდი სტიმულია უცხოეთში მცხოვრები ქართველთათვის.