რელიზები
30.05.2011
საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს პრეზიდენტი ონლაინ რეჟიმში გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ის ცენტრალური სერვერი დაათვალიერა, საიდანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან. მიხეილ სააკაშვილი ახალი მეთოდის დეტალებით დაინტერესდა და მათ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გაეცნო. იგი მეთვალყურესა და მოსწავლეებს გამოცდის პროცესში ვიდეო-თვალის საშუალებით, ონლაინ რეჟიმშიც ჩაერთო და მათ პირადად გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა მოსწავლეებს წარმატება უსურვა და მათგან მიიღო ინფორმაცია გამოცდების სირთულის თაობაზე. როგორც მოზარდებმა პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნეს, გამოცდები საშუალო სირთულისაა და მათი გადალახვა არც ერთ მოსწავლეს არ გაჭირვებია.
საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც საატესტატო გამოცდები ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემით მიმდინარეობს. პრეზიდენტი ამერიკიდან და ჰოლანდიიდან ჩამოსულ ექსპერტებსაც ესაუბრა, რომლებიც პირადად აკვირდებოდნენ საგამოცდო პროცესს. ექსპერტების განცხადებით, ისინი საქრთველოში სწორედ ამ სისტემის შესასწავლად და ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენ. მათი თქმით, ეს არის უახლესი სისტემა, რომელიც ყველა ქვეყნისთვის სამაგალითო უნდა გახდეს. თავად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნიდერლანდები საქართველოსგან სწავლობს.