რელიზები
15.05.2011
ევროვიზიის კონკურსში გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას პირადად მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანს ევროვიზიის კონკურსში გამარჯვება მიულოცა და ყველა იმ ქვეყანას გადაუხადა მადლობა, ვინც ჩვენ ქვეყანას მისცა ხმა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ეს კონკურსი ნათლად ასახავს იმ ურთიერთობას, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
„მსურს მივულოცო აზერბაიჯანს ევროვიზიის კონკურსში გამარჯვება. სხვათა შორის, დილით ილხამ ალიევს დავურეკე და ეს გამარჯვება პირადად მივულოცე. ყოჩაღ! ეს რეალურად ასახავს თუ რამდენად დიდი გზა განვლო აზერბაიჯანმა ბოლო წლების განმავლობაში. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ევროვიზია ისეთი კონკურსია, რომელშიც ქულებს იმის მიხედვით გაძლევენ, თუ როგორია შენი ქვეყნის მიმართ ამა თუ იმ ერის დამოკიდებულება. ლიტვა ყოველთვის გვაძლევდა 12 ქულას და მადლობელი ვარ ამისთვის. ლიტვა ჩვენი მოძმე ერია და მას ყველა ვემადლიერებით, მაგრამ გუშინ უმაღლესი ქულები მოგვცა ასევე ბელორუსიამ და უკრაინამ. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რადგან ეს ნათლად გამოხატავს ამ ერების თბილ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რომელიც ჩამოყალიბდა და კიდევ უფრო გამძაფრდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ყველა სფეროში ძალიან მყარი ურთიერთობა გვაქვს და ამ ურთიერთობას კიდევ უფრო ვანვითარებთ ჩვენ ერებს შორის. როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა, ეს ერები ამოგვიდგნენ მხარში, გუშინდელი ხმის მიცემა კი, ამის კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ძალზე ნიშანდობლივი გამოხატულება იყო," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.