Google+

რელიზები

21.03.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში მშენებარე ობიექტები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული პირადად მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხალხს ჯერ მათ მშობლიურ ენაზე, აზერბაიჯანულად მიესალმა, ხოლო შემდეგ ქართულად. გამოსვლისას პრეზიდენტი მარნეულის მცხოვრებლებს ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გაგრძელებას დაპირდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და პირადად მისი მიზანია, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის ადამიანები თავს საქართველოს ერთიანი სხეულის შემადგენელ ნაწილად გრძნობდნენ. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვილისათვის კი, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი რამიზ ჰასანოვი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში მშენებარე ობიექტებიც მოინახულა. რამდენიმე თვეში მარნეულში ახალი, თანამედროვე სავაჭრო ცენტრი გაიხსნება, რომელსაც კომპანია „ვისოლი" ააშენებს. მიხეილ სააკაშვილმა ცენტრის პროექტს გაეცნო და აღნიშნა, რომ ასეთი სახის პროექტების განხორციელებით, კომპანია კიდევ ერთ აგურს დებს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. მრავალფუნქციურ კომპლექსში „სმარტის" სუპერმარკეტი, უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორდარბაზიანი კინოთეატრი, ბავშვთა კუთხე, კაფე და მაღაზიები განთავსდება, სადაც, სულ ცოტა, 100 ადამიანი დასაქმდება.

„მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ, რომელსაც აქვს შემოსავალი, ინვესტიცია საქართველოში ჩადოს. ბევრ ნავთობმომპოვებელ ქვეყანას, რომლებსაც უამრავი ფული აქვს, ყველაფერი უცხოეთში გააქვს. ეს კი ნავთობპროდუქტების შემომტანი კომპანიაა და სრულ ინვესტირებას ახდენს საქართველოში - ისევ სამუშაო ადგილების შესაქმნელად და საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. მარნეულის ცენტრს მსგავსი რამ უდავოდ სჭირდებოდა. ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა პერიოდში ამ ქალაქში არაფერი არ კეთდებოდა და ჩამოძონძილი და გაუბედურებული ადგილის სიმბოლო იყო. ახლა, თანდათანობით ძალიან ლამაზი ქალაქი ხდება. თუ ადამიანი საკუთარი თვალით არ ნახავს აქ მიმდინარე ცვლილებებს, კვლავ ამ ქალაქის ძველი სტერეოტიპი ამოუტივტივდება. არადა, ბრწყინვალე გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ადგილს, რომელიც ყველა სავაჭრო გზის, სხვადასხვა კულტურების გასაყარზეა, ეკონომიკური აქტივობაც სათანადო ექნება. უბრალოდ უნდა დაგვენგრია და გადაგველახა ძველი სტერეოტიპი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ქართულ-აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის მშენებარე ობიექტიც დაათვალიერა, რომელსაც ნავთობპროდუქტების კიდევ ერთი დილერი  „სოკარი" აშენებს.  ცენტრი ევროპული არქიტექტურის სტანდარტებით იქმნება. პრეზიდენტი იმ პროექტებსაც გაეცნო, რომლის გახორციელებას „სოკარი" უახლოეს მომავალში გეგმავს. 

საქართველოს პრეზიდენტი მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსსაც ესტუმრა, რომლის რეაბილიტაცია ახლახან აზერბაიჯანული მხარის დაფინანსებით განხორციელდა.  კომპლექსი თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი და საერთაშორისო დონის ტურნირებსაც უმასპინძლებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ მსგავსი კომპლექსი ამ რეგიონში გაკეთდა, რადგან ეს დიდ გავლენას მოახდენს როგორც ჯანსაღი თაობის აღზრდის საქმეში, ისე მოქმედი სპორტსმენების წინსვლის თვალსაზრისით.

მიხეილ სააკაშვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასებითაც დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტი მარნეულის საკოლმეურნეო ბაზარს ესტუმრა და მოვაჭრეებს გაესაუბრა. მისი თქმით, მსოფლიოში ნავთობის გაძვირების გამო, ფასები პროდუქტებზეც იზრდება, თუმცა საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ტარიფების ზრდა მოსახლეობაზე მტკივნეულად არ აისახოს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)