რელიზები
03.03.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ახალი კლინიკა გახსნა. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი უახლესი აპარატურითა და თანამედროვე სამედიცინო დანადგარებით არის აღჭურვილი. მიხეილ სააკაშვილმა სტაციონარი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ აქ მკურნალობა შეეძლება ყველას, ვისაც სადაზღვევო პოლისი აქვს, მათ შორის, სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ყველა კლინიკა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
„კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ბატონ დავითთან ერთად ძველი „ლეჩკომბინატის" შენობაში გავხსენით კლინიკა. მაშინ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი. დღევანდელი დრო იმ პერიოდისგან იმით განსხვავდება, რომ ამ ყველაზე თანამედროვე კლინიკაში, რომელიც მართლაც უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება და ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებმა გააკეთეს, მკურნალობა ყველა შეძლების ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევა სოციალურად დაუცველ ხალხსაც გავუკეთეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც, შეიძლება, ყოველდღიური არსებობა უჭირდეს, პოლისის წყალობით, შესაძლებლობა ეძლევა ყველაზე მაღალი დონის კლინიკაში მივიდეს. 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის მიხედვით, საქართველოში ყველა კლინიკა იქნება ამ დონის ან თითქმის ამ დონის. მთავარი ის არის, რომ ყველგან მსგავსი ან უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები იყვნენ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს დაწესებულება ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამ კლინიკებში მისვლა და პროფილაქტიკური თუ არსებული დაავადების მკურნალობა. მინდა ბატონ დავითს მადლობა გადავუხადო არა მარტო იმისთვის, რომ ის მართლაც ძალიან საინტერესო, ინოვაციური და ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ექიმია, არამედ იმისთვისაც, რომ იგი არის ადამიანი, რომელიც ქმნის და აშენებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უნიკალური და ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ახალი სამკურნალო ცენტრი ხუთსართულიან შენობაშია განთავსებული. კლინიკას აქვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, სადაც ნებისმიერი სახის ანალიზი კეთდება ისე, როგორც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. სამედიცინო ცენტრში არის ქირურგიული და პედიატრიული განყოფილებები. ცენტრის მესვეურთა თქმით, პაციენტთა კომფორტისთვის პალატებში ყველა პირობაა შექმნილი.