Google+

რელიზები

21.02.2011
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ეწერში ტაბიძეების ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს იმერეთში, სოფელ ეწერში ალექსანდრე ტაბიძის ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა მარცვლეული კულტურების ინტენსიფიკაციის  პროგრამის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიოში მარცვლეულზე ფასების მატების ფონზე, სასურსათო პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა ადგილობრივი წარმოების ეფექტიანობის გაზრდაა. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფომ სპეციალურად შეიძინა ამერიკული ჰიბრიდი, რომლის მოყვანის შემთხვევაშიც გლეხი, მინიმუმ, გასამმაგებულ მოსავალს მიიღებს.  

„დღეს ასეთი ვითარება გვაქვს. ერთი მხრივ, ფასები ყველაფერზე გაიზარდა, მეორე მხრივ ჩვენ კარგად არ ვიყავით  მომზადებული.  მიწების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაუმუშავებელია, თანაც გვაქვს ძველი ჯიშები, რომლებიც დაბალმოსავლიანია და არ გვაქვს გადამამუშავებელი წარმოება.  ახლახან, კოდის მეფრინველეობის საწარმოში ვიყავი. ხუთი წლის წინათ კვერცხის 70 პროცენტი უცხოეთიდან შემოდიოდა. ახლა კი პირიქით, თავად გაგვაქვს ექსპორტზე, მაგრამ სიმინდის ნაწილი მათ უცხოეთიდან შემოაქვთ. მსგავსი საწარმოები და სისტემა აქ ყოველ სოფელში უნდა იყოს. ვინ უნდა გააკეთოს ეს თუ არა თქვენ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. წინასწარ უნდა შეიქმნას სასაწყობე მეურნეობები. ამ საქმეში ფულიც ჩაიდება, მაგრამ თქვენ უნდა დაგეგმოთ მოყვანილი მარცვლეულის ფასი და შესაბამისად, თქვენი ოჯახის შემოსავალიც. რეალურად, სოფლის მეურნეობაში დიდი რესურსი გვაქვს და სავსებით შესაძლებელია საქართველოში კარგი აგრო-სამრეწველო კომპლექსი შეიქმნას. სახელმწიფო სასწავლებლებიც კარგია, ახალი სკოლებიც, მაგრამ თუ საკუთარი თავი ვერ გამოვკვებეთ, მუდმივად დამოკიდებული ვიქნებით სხვა ქვეყნების კლიმატსა და ბუნებრივ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე.  დღეს მსხვერპლი ვართ, რადგან თუ მომწოდებელ ქვეყნებში რაიმე მოხდება, ჩვენ მეტის გადახდა გვიწევს. როდესაც ჩვენი გვექნება, სხვა ქვეყნებში ვითარება რომც გაუარესდეს, არაფერი დაგვემუქრება და შეიძლება ამით ვიხეიროთ კიდეც. დღეს არის ქვეყნები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების ზრდით სარგებელს ნახულობს. მათ ყველაფერის წინასწარ  დაგეგმვის საშუალებაც აქვთ. ჩვენ კი ხვალაც რომ გაგვეხსნას მსოფლიოს ყველა ბაზარი, გასასაღებელი არაფერი არ გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა მასპინძლებთან საუბრისას.

ტაბიძეების ოჯახი სიმინდის ახალ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ამერიკული ჰიბრიდის შეძენის შემთხვევაში გლეხი მის საფასურს 7 თვის თავზე დაფარავს.

მიხეილ სააკაშვილი დასაქმების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ  ორიოდე დღის წინ თურქეთთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე ჰიდროელექტრო სადგურების მასობრივი მშენებლობა დაიწყება, ეს კი, თავის მხრივ, უამრავ სამუშაო ადგილს შექმნის. პრეზიდენტი არც იმას გამორიცხავს, რომ სპეციალისტთა დეფიციტი გაჩნდეს. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)