რელიზები
01.02.2011
საქართველოს პრეზიდენტმა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის რეაბილიტირებული შენობა, საერთო საცხოვრებელი, სასტუმრო და ღვინის სახლი დაათვალიერა. ერთ-ერთ საწარმოში მიხეილ სააკაშვილმა ღვინო პირადად ჩამოასხა, დალუქა და ეტიკეტზე ავტოგრაფიც დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტი კოლეჯის სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდა და მათ ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ტურიზმის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა. იგი იმ საშინაო და საგარეო გამოწვევებსაც შეეხო, რომლებიც საქართველოს წინაშე ამჟამად დგას. უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზად, პრეზიდენტი კერძო სექტორის განვითარებას მიიჩნევს და სტუდენტებს საკუთარი საქმის წამოწყებისკენ მოუწოდა.
მდიდარი ტრადიციების მქონე სასწავლებელი, ამჟამად თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. სასწავლებელში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მშენებლობისა და მომსახურების სფეროს კადრები მომზადდებიან. ახალი ტიპის კოლეჯში პროფესიულ განათლებას წელიწადში 505 სტუდენტი მიიღებს, მათგან 300 უფასო საერთოსაცხოვრებლით ისარგებლებს. კაჭრეთის კოლეჯს პარტნიორი კომპანიებიც ყავს, რომლებიც წარმატებულ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობა აძლევს. სპეციალური კომპლექსი შვიდ ჰექტარ ტერიტორიას იკავებს, სადაც სასწავლო, საყოფაცხოვრებო და საერთო საცხოვრებლის კორპუსების გარდა, ავტოსარემონტო სახელოსნო და ღვინის სახლია განთავსებული.
ამჟამად კოლეჯში სხვადასხვა ეროვნების 250 სტუდენტს 42 მასწავლებელი ასწავლის.