Google+

რელიზები

25.01.2011
მიხეილ სააკაშვილმა ადლიაში გაფორმების ეკონომიკური ზონა ოფიციალურად გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ადლიაში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერა, რომელიც დღეს ოფიციალურად ამოქმედდა. მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა რამდენად ოპერატიულად მიმდინარეობს ტვირთის განბაჟება ახალ გეზ-ში და ერთ-ერთ მოქალაქესთან ერთად პირადად გაიარა მთელი პროცედურა.  პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩა ნანახით და ის დრო გაიხსენა, როდესაც საბაჟოზე შექმნილი მდგომარეობის გამო, ბევრი ბიზნესის დაწყებაზე უარს ამბობდა.

„საბაჟო სამსახური აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. მახსოვს, ერთი-ორჯერ აქ ტელეკამერებით ჩამოვედი, რამდენჯერმე მათ გარეშე. თბილისიდან ვიბარებდით საბაჟოს სამსახურის უფროსს, სარფში რამდენჯერმე გავათავისუფლეთ ხალხი, მაგრამ არაფერმა არ უშველა. ეს ტერმინელები აქაც კატასტროფა იყო, მაგრამ თბილისში ისეთი მდგომარეობა იყო შექმნილი, რომ ადამიანს ბიზნესის კეთება ნამდვილად არ გაუხარდებოდა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.   

პრეზიდენტის თქმით, მალე სარფში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაჟო -გამშვები პუნქტი გაიხსნება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„26 მაისს სარფის ახალ, ძალიან კარგ საბაჟოს გავხსნით. თურქეთში, საბერძნეთში, ზოგადად, ევროპაში (სტუდენტობის დროს მთელი ევროპა მაქვს მოვლილი), მსგავსი სილამაზის, თანამედროვე და რაც მთავრია, ხალხის მომსახურების თვალსაზრისით კომფორტული საბაჟო, არსად არ მინახავს. ოთხი წლის წინათ, საბაჟოზე გამოვლისას, ვთქვი, რომ მომღიმარი მებაჟეები გვჭირდებოდა და ასეთი მებაჟეები პირველად გვყავს. ეს არაჩვეულებრივია, რადგან ადრე საბაჟოზე შემოსვლა დაკავშირებული იყო სიბინძურესთან, უხეშობასთან, ღირსების შელახვასთან და, რაც მთავარია, მებაჟეობა, ლამის, ბიბლიურად დაწყევლილი პროფესია იყო. მებაჟეების გარდა საქართველოში ყველას ეშველა და ვფიქრობ, ეს უკვე გადავლახეთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გეზ-ის თანამშრომლებსაც მიმართა და ყურადღება კომფორტის აუცილებლობასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საბაჟო პროცედურების გამარტივება და შესაბამისი პირობების შექმნა ბინეზსის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მთავარი პრობლემა - კორუფცია, ჩვენ გადავლახეთ. ეს არის ის, რის გამოც ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები შემოგვნატრიან. თუმცა, იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია, ძალიან მოუქნელი, მტკიცე, უმკაცრესი, დარღვევების მიმართ შეუწყნარებელი სისტემა მივიღეთ. ახლა, ჩვენი ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ბევრად უფრო ადამიანურ და მოქნილ სისტემად გადავაქციოთ, რომელიც კონკრეტულ ხალხს მოემსახურება. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან რბილი და  მოქნილი თითოეული ბიზნესის მიმართ. ჩვენ უნდა ვიყოთ არა მარტო წესიერები და პატიოსნები, არამედ ძალიან ჭკვიანებიც. გეზი ჩვენი ახალი ეკონომიკური კურსის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, ისევე, როგორც საგადასახადო კოდექსი, რომლის  გამოყენებაც კარგად უნდა ვისწავლოთ ჩვენც და ბიზნესმაც. ჩვენ უნდა მოვახერხოთ არა მარტო ის, რომ აქედან წასული ხალხი ნაწყენი არ იყოს ჩვენზე, არამედ ისიც, რომ დარწმუნდნენ - საქართველოში ბიზნესის კეთება არის 100-ჯერ უფრო მარტივი, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანაში. ეს უნდა გავაკეთოთ, რათა აქ ჩაიდოს ფული და შეიქმნას ახალი საწარმოები; რათა ჩვენი ხალხი დასაქმდეს; რომ ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო მეტი შემოსავალი გაუჩნდეს და განვითარდეს. ჩვენი შემოსავლის წყარო არ არის ნავთობი და გაზი, ჩვენი შემოსავალია თქვენი ინტელექტი, წესიერება, ენთუზიაზმი, მოქნილობა და მომღიმარი სახეები. თქვენ ჩვენთვის ნავთობის და გაზის საბადოები ხართ ერთად აღებული - თქვენ და მთლიანად ჩვენი ხალხის ინტელექტი. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, რომ იმუშაოთ კარგად, რომ ხალხი აქედან ყოველთვის კმაყოფილი წავიდეს. ყველას ღიმილით შევხვდეთ და ღიმილით გავუშვათ ისე, რომ მათაც მომღიმარი სახე ჰქონდეთ. ჩვენმა სახელმწიფომ უნდა ისწავლოს ღიმილით საქმის კეთება და მაშინ ვერავინ დაგვამარცხებს და ვერც კონკურენციას გაგვიწევს ვინმე. ეს არის ის, რაც შემოსავლების სამსახურს მინდა ვუსურვო. საქართველოში ბევრი გეზი არ გვჭირდება, მაგრამ ბევრი კმაყოფილი ადამიანი კი, ნამდვილად საჭიროა. აბა თქვენ იცით, დღეს ეს სისტემა პირადად შევამოწმე, კარგად მუშაობს  და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო უკეთესად უნდა ავამუშაოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა რვა ჰექტარზეა გაშენებული  და აქ შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის იმპორტიორის მომსახურება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში.  იმპორტიორებს ერთდროულად 24 ოპერატორი ემსახურება და ტვირთის გაფორმების სრული პროცედურა აქ ერთ საათში სრულდება. მას შესაძლებლობა აქვს ექსპერტისა და ტექნიკური პერსონალის მომსახურებით ისარგებლოს. ტვირთის გაფორმების საფასურის გადახდა კი, ხუთი დღის ვადაში არის შესაძლებელი.   

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)