საქველმოქმედო ვახშამზე საქართველოს პრეზიდენტმა ბინზესმენებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებთან გამართულ საქველმოქმედი ვახშამზე ქვეყნის გასული წლის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა და ბიზნესსექტორის ახალი ინიციატივები მოისმინა. მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორის აქტიურობისთვის აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა.
„მიმაჩნია, რომ მაკროეკონომიკურ თვალსაზრისით, ჩვენი მთავარი მიღწევა არის ორი რამ, ეს არის მაღალი ზრდა და მეორე - ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ეს პირველი წელიწადია, როდესაც საქართველოში მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა უმუშევრობა. ფსიქოლოგიურად, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. რატომ იზრდებოდა გასულ წლებში უმუშევრობა? იმის მიუხედავად, რომ კრიზისმა სერიოზული დარტყმა მიაყენა კერძო სექტორს, სახელმწიფო აპარატს გეგმაზომიერად ვამცირებდით. ჩვენ ვამცირებდით ბევრ ფორმალურ სამუშაო ადგილს, რომელიც რეალურად არც იყო სამუშაო ადგილი. 20-30ლარიანი ხელფასის მქონე მუშაკი ითვლებოდა დასაქმებულად. ჩვენ მკვეთრად შევამცირეთ სახელმწიფო აპარატში დასაქმებულთა რაოდენობა და ეს იყო ყოველწლიური ტენდენცია. წელს, სტატისტიკურად, თუნდაც, ძალიან მცირე რიცხვით, მაგრამ გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ჯანსაღი სახელმწიფო სექტორი ჩამოვაყალიბეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, რომ კვლავ არ გაიზარდოს, მაგრამ, ამავდროულად, სამუშაო ადგილების ზრდა კერძო სექტორშიც დაიწყო. ეს არის მნიშვნელოვანი შემობრუნება. ერთი სიტყვით, გვაქვს ორი მთავარი მომენტი - მაღალი ზრდა და უმუშევრობის შემცირება. როგორც ამის ერთ-ერთი პროდუქტი, დეფიციტის შემცირება მომავალ წელს 4000-დან 3000-მდე დაგვყავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისიც იმის გამო, რომ უცხოური დახმარება მოდის - ეს რომ არ ყოფილიყო, დეფიციტი ამდენიც არ იქნებოდა.
მთავარი უარყოფითი ტენდენცია, რა თქმა უნდა, არის ინფლაცია, რომელიც ყოველდღიურად აყენებს დარტყმას ჩვენს მოქალაქეებს. ინფლაცია განპირობებულია საწვავის ფასის მკვეთრი ზრდით. მსოფლიოში არის კონკურენცია, თითქმის აღარსად აღარ არის შიმშილი, ყველას მოუნდა ფუფუნების საგნები და სხვ. ჩვენც ამ კონკურენციაშიც ვებმებით და არ უნდა ვიყოთ მაჩანჩალები, თორემ სხვა რომ იზრდება და უმჯობესდება, თუ შენ არ გაიზარდე და არ გაუმჯობესდი, მეორე-მესამე ლიგაში აღმოჩნდები და სამუდამოდ ჩამორჩები მსოფლიო განვითარებას. ინფლაციის გავლენა პირველადი მოხმარების საგნებზე განსაკუთრებით იგრძნობა ახალი წლის დღეებში. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს დიდი გამოწვევაა. სხვათა შორის, ეროვნულმა ბანკმა გარკვეული მიმართულებით ზომები მიიღო წელსაც და მომავალ წელსაც მიიღებს. რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის კარგი არ არის, როდესაც ლაპარაკია საკრედიტო განაკვეთების გაზრდაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ანტიინფლაციური ზომა. უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში ინფლაციის შეკავება არის პოლიტიკური სტაბილურობის მთავარი ქვაკუთხედი - ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია, თავის მხრივ, აფერხებს ბიზნესის განვითარებას. ინფლაცია აყენებს ზიანს ყველაფერს, როგორც, მაგალითად, 2008 წელს ნავთობის ფასის 150 დოლარამდე ზრდამ გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკის ჩამოშლა. ამიტომ, იმედია, ყველანი გაგებით მოვეკიდებით იმ ზომებს, რომლებსაც, მათ შორის, ეროვნული ბანკი მიიღებს.
რაც შეეხება იმას, თუ სად იმყოფება საქართველო. მსოფლიო ბანკმა წელს საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა. ჩვენ მეთორმეტე ადგილზე ვართ, მაგრამ წესით, პირველ ათეულში უნდა ვიყოთ. მინდა გითხრათ თუ როგორ განისაზღვრა მეთორმეტე ადგილი ჩვენთვის: უბრალოდ, ამერიკის პროფკავშირებმა აღძრეს საკითხი, რომ თუ შრომითი კოდექსი ქვეყანაში კარგად არ არის განვითარებული, ეს პირიქით ეკონომიკურად, ბიზნესის თვალსაზრისით, უნდა გწევდეს ქვემოთ. ეს სრულიად მიუღებელი კრიტერიუმია, რადგან ანტიეკონომიკური კრიტერიუმი შემოიღეს ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების განსჯისას. რა თქმა უნდა, ეს იყო წმინდა პოლიტიკური რამ, მაგრამ მსოფლიოში პროფკავშირების გავლენის ფაქტორი არსებობს და მოხდა ისე, რომ კუთვნილი მეცხრე ადგილის ნაცვლად, მე-12-ზე აღმოვჩნდით. თუმცა პირველ ადგილზე ვრჩებით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და, რა თქმა უნდა, მომავალ წელს სხვა კრიტერიუმების გაუმჯობესების ხარჯზე პირველ ათეულში მოვხვდებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა „ტრანსპერენსი ინტერნეიშენელის" კვლევასაც შეეხო, რომელიც კორუფციის დონის განსასაზღვრავად ჩატარდა. სწორედ ამ კვლევის საშუალებით გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე მინიმუმამდეა დასული. პრეზიდენტის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მუდმივად ხორციელდებოდეს რეფორმები, ხდებოდეს ქვეყნის მოდერნიზება და შენარჩუნდეს პოლიტიკური სტაბილურობა. მან ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და იმ პროექტებზე ილაპარაკა, რომელთა განხორციელებაც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ამ სფეროს წარმატებას. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ინვესტიციების მოზიდვის თაობაზეც გაამახვილა.
„იდეალურად ვართ მომზადებული იმისათვის, რომ საქართველოში ინვესტიციები შემოვიდეს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ საქართველო მართლაც ამ რეგიონის სინგაპურად გადაიქცეს, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. თუ კარგად წავიკითხავთ უკრაინის, მოლდოვის პრესას, თუ ყურს დავუგდებთ რას ლაპარაკობს ხალხი ბაქოს, ერევნის, სხვათა შორის, რუსეთის ქუჩებში, აღმოჩნდება, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანა ყველა თვალსაზრისით. ჩვენ მოვახერხეთ მთავარი რამ, მარტო ის კი არა, ვთქვათ, რას გვიწერს "ტრანსპერენს ინტერნეშენალი" ან რა წერია "ეკონომისტში" - ეს იმასთან შედარებით, რაც ამ რეგიონში ხდება, მეორეხარისხოვანია - საქართველო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და მოდერნიზაციის თვალსაზრისით, აბსოლუტური ლიდერი გახდა. მთავარია, რომ, სინგაპურის მსგავსად, ამ რეგიონის მთავარი ლიბერალური ცენტრი და ყველაზე უფროდ სწრაფად მოდერნიზებული ქვეყანა გავხდეთ. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობაც. შვიდი წლის განმავლობაში ჩვენ ამ რეფორმების და ექსპერიმენტების რეჟიმში ვართ. შესაძლოა, ვინმესთვის შვიდი წელი ბევრია, მაგრამ ფსიქოლოგიის გამოსაცვლელად შვიდი წელი ბევრი არ არის - ეს არის ძალიან ცოტა. ამას ჭირდება პოლიტიკური სტაბილურობის, მუდმივი რეფორმების, ბევრად უფრო ხანგრძლივი პერიოდი, რადგან პოლიტიკური სტაბილურობა და სტაგნაცია ერთი და იგივე არ უნდა იყოს. ეს არის მთავარი რამ - რეფორმების სტაბილური მაღალი ტემპი. ის, როგორც იყო ათვისებული შავიზღვისპირეთი, იყო არარაციონალურობის მწვერვალი. ბევრი ქართველი, ვისაც აფხაზეთი ახსოვს, დღესაც ამბობს, რომ აფხაზეთი სჯობს აჭარას, რომელ ანაკლიაზეა ლაპარაკი. არადა, ყველაზე მაგარი საზღვაო კლიმატი, თუ შეიძლება სადმე რაიმე განვითარდეს, არის სწორედ ეს ზონა. ჯერ-ჯერობით, ამ ზონის ნახევარს ძალიან მაგრად ვავითარებთ.
ასევეა სვანეთიც. საბჭოთა კავშირის დროს იქიდან ჩეჩნებივით არ გაასახლეს ხალხი, მაგრამ არაფერი არ უნდა განვითარებულიყო და ეს რეგიონი დააკონსერვეს კიდეც მთლიანად. დარწმუნებული ვარ, დღეს, ამ დარბაზიდან იქ სულ ხუთი-ექვსი კაცია ნამყოფი. ეს დასაძრახი არც არის, რადგან მეც ახლა დავიწყე იქ სიარული.
სვანეთი, ამ მხრივ, მართლაც ოქროს საბადოა, რადგან სვანეთში არის ყველაზე მაღალი ვარდნა მთების. ტურიზმის თვალსაზრისით, მით უფრო თხილამურებით სრიალისთვის სვანეთს არაფერი შეედრება. მაგალითად, გუდაური იწყება ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, მესტია კი 1300 მეტრიდან. თუმცა იდენად სწრაფად იცვლება სიმაღლე, იმდენად სწრაფად ადიხარ ზემოთ, რომ წარმოდგენაც შეუძლებელია. ძალიან კარგ ადგილზე ხარ, ძალიან კარგი ჰავაა და თავსაც კარგად გრძნობ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ახალი ეკონომიკური კურსის შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს კურსი საგანგებოდ შემუშავდა, რათა სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და მეწარმეს საშუალება მიეცეს ყოველგვარი ბიუროკრატიული დაბრკოლებისა და საგადასახადო თუ საბაჟო წნეხის გარეშე აწარმოოს საკუთარი საქმე. ეს კი, თავის მხრივ, სარგებელს მოუტანს როგორც თავად მეწარმეს, ისე სახელმწიფოს.
„ახალი ეკონომიკური კურსი სწორედ ეს არის - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ბიზნესები არ გაჩერდეს და არ დაიხუროს მაშინაც კი, როდესაც დარღვევა ვლინდება; უნდა შემოვიდეს ომბუდსმენის ინსტიტუტი, მათ შორის, პატიების ინსტიტუტი, ოღონდ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს და არ უნდა იქმნებოდეს შთაბეჭდილება, რომ მაინც ვაპატიებთ. უნდა იყოს ისეთი ცენტრები, როგორც გეზ-ია. როდესაც ადრე ვამოწმებდი საბაჟო სამსახურებს, რამდენჯერმე ვიყავი საბაჟო ტერმინალში და მახსოვს როგორი სიბინძურე იყო იქ, რამდენი საეჭვო ტიპაჟი დადიოდა, ყველა ხელებში გიყურებდა... ახლა რაც გაკეთდა, სრულიად განსხვავებული რამ არის. მიდიხარ როგორც სუპერმარკეტში, იხდი ფული, იღებ ჩეკს და მოგაქვს საქონელი. ერთი სიტყვით, ბიზნესი ტალახთან აღარანაირად არ არის დაკავშირებული. ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური გარდასახვაა. ამის წინათ ვნახე ანალოგიური ტერმინალი ფოთში, მსგავსი ადლიაშიც შენდება. ეს ყველა დონეზე უნდა დაინერგოს - ისევე, როგორც საჯარო რეესტრის ყველა შენობა შუშისაა, ლამაზია და მარტივად იღებ მიწის მფლობელობის დამადასტურებელ რომელიმე საბუთს; როგორც პოლიციის ცენტრში იღებ მართვის მოწმობას, ზუსტად ასევე უნდა იყოს ყველა საგადასახადო ორგანოში და სასიამოვნო უნდა იყოს მათთან ურთიერთობა. მინიმუმ ისე უნდა იყოს, რომ ვისაც უხდით ფულს, ის გემსახურებოდეთ თქვენ და არა პირიქით. ასე რომ, ამასაც თქვენთან ერთად გავაკეთებთ. ეს არის ის ინტერაქტიული პროცესი, რომელზეც მე ვილაპარაკე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გამოსვლის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგელებთან ერთად, იმ საჭირბოროტო საკითხებს გაეცნო, რომლებიც ბიზნესმენებს აწუხებს. მეწარმეებისგან მათ ახალი ინიციატივებიც მოისმინეს, რომლებიც ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
დღევანდელ საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდა 100-მდე ბიზნესმენი, რომელთა გადაწყვეტილებით, შემოსული თანხა ბავშვთა სახლების აღსაზრდელისთვის პერსონალური კომპიუტერების შეძენას მოხმარდება.