Google+

რელიზები

29.11.2010
სოფელ გავაზში ახალი სკოლა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელის რაიონის სოფელ გავაზში ახალი სკოლა საზეიმო ვითარებაში გახსნა. სკოლა სამსართულიანია და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები აქ ისეთივე სიახლეა, როგორც ინტერნეტქსელში ჩართული კომპიუტერების ოთახი. სკოლაში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილმა ახალი საკლასო ოთახები დაათვალიერა და ორ წარჩინებული მოსწავლე ვალერი გიორგაშვილი და გვანცა ზაკალაშვილი კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

„რა თქმა უნდა, კომპიუტერი წიგნს ვერ ჩაანაცვლებს - წიგნი შეუცვლელია, მაგრამ ის, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი, ბევრ შესაძლებლობას უხსნის მოზარდებს. სწავლის საშუალება ყველას აქვს, მათ შორის, მათაც, ვისაც სწავლა არ უნდა. ყველას, ვინც კარგად ისწავლის კომპიუტერით დავასაჩუქრებთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის რეგიონის ხელმძღვანელობასთან და სკოლის მესვეურებთან საუბრისას განაცხადა, რომ კახეთის ინფრასტრუქტურა ვითარდება და მისი განვითარება კვლავაც გაგრძელდება.

„ზოგიერთებს შეიძლება ეგონოთ, რომ ჩვენ მხოლოდ დაპირებებს „ვარიგებთ", მაგრამ ეს ასე არ არის. ამ სოფელში ადრეც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მათ შორის, სხვადასხვა საარჩევნო კამპანიების დროს და მიუხედავად იმისა, რომ გადავიტანეთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ათასგვარი უმსგავსობა და ომი - ჩვენი ტერიტორიები კვლავაც ოკუპირებულია, ჩვენ გვქონდა სოფლის პროგრამა, რომელსაც ამ სოფელშიც ვახორციელებთ. შემოვიყვანეთ გზა; აღვადგინეთ წყალმომარაგება და ბევრად უკეთესად მარაგდება სოფელი წყლით, ვიდრე ეს ნებისმიერ ადრეულ პერიოდში ხდებოდა; ახლახან შემოვიყვანეთ ბუნებრივი გაზი, რომელიც უკვე ყველა ოჯახშია; ამ სოფელში შემოვიტანეთ ტრაქტორები; ყოველივე ამას ეს ულამაზესი სკოლა აგვირგვინებს. მსგავს სკოლაზე საქართველოს ნებისმიერ ადგილზე, რამდენიმე წლის წინათ ბავშვებს ოცნებაც არ შეეძლოთ.  ეს არის იმის ნიმუში, რომ ჩვენ არათუ არ ვივიწყებთ დანაპირებს, არამედ ყოველთვის ვასრულებთ კიდეც. მინდა ეს ყველას კარგად ახსოვდეს. საქართველოშიც და ბევრ სხვა ქვეყნებშიც, ძირითადად, ასე იყო -არჩევნების წინ ხალხს ყველაფერს პირდებოდნენ, მაგრამ შემდეგ არაფერს აღარ ასრულებდნენ. ჩვენ არაფერს არ ვივიწყებთ - ჩვენს პროგრამას მივყვებით და მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სოფელ გავაზში სკოლა 1886 წელს დაარსდა. ახალი სასწავლო დაწესებულების მშენებლობა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2008 წელს დაიწყო და 2010 წლის სექტემბერში დასრულდა. სკოლას ორი ინგლისურენოვანი პედაგოგი ჰყავს, რომლებიც საქართველოში ახალი პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ჩამოვიდნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)