Google+

რელიზები

11.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს ახალი დავალებები მისცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებისაგან ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების ანგარიში ჩაიბარა. მიხეილ სააკაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორს ოკუპანტებისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესების დავალება მისცა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს რეგიონის შეშითა და წყლით მომარაგების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. პრეზიდენტის თქმით ყველა პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უნდა გადაიჭრას.

შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა პრეზიდენტს ოკუპანტების მიერ სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების მხრივ შექმნილი პრობლემების შესახებ ამცნო. მისი თქმით, რეგიონში10 ათას125 ჰა მიწა დარჩა მოურწყავი, რამაც მიწის დამუშავების პროცესის შეფერხება გამოიწვია. თუმცა სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, 2009 წელს სოფელ ნიქოზში ცხინვალის სათავის ალტერნატიული სათავე-ნაგებობამ, ეს პრობლემა ნაწილობრივ მოხსნა - ამჟამად, წყლით უზრუნველყოფილია 43 სოფელი. ამ სისტემას უნდა მიუერთდეს კიდევ 7 სოფელი, რომელიც ამ სათავის ნიშნულის მაღლა აღმოჩნდა. ბაკურ კვეზერელის  ინფორმაციით, შესაბამისი პროექტი უკვე შემუშავებულია და მომავალი წლისთვის ეს პრობლემა მოგვარდება როგორც ნიქოზის, ისე ერგნეთის მიმართულებით. მომავალ წელს გორისა და ნაწილობრივ, ქარელის მიმართულებით ეს პრობლემა სრულად გადაიჭრება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნიქოზი და მიმდებარე სხვა სოფლები ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიის შედეგად და ისინი დღესაც ოკუპანტების სამიზნეს წარმოადგენს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სწორედ ამ ადგილებში უნდა გაფართოვდეს სოციალური პროგრამების განხორციელების არეალი. ზურაბ არსოშვილის თქმით, ამ რაიონის მოსახლეობას შარშან დახმარება შეშისა და სურსათის სახით მისცეს. წელს პრობლემები რეგიონს ამ მხრივაც შეექმნა, რადგან მოსახლეობის მოხმარებაში მყოფი ტყეკაფები, ოკუპირებულ ზონაში დარჩა. გარემოს დაცვის მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უახლოესი ტყეკაფები უკვე გამოყოფილია და ადგილობრივ, რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან ერთად, ერთი თვის განმავლობაში ოკუპაციის ზოლის გაყოლებაზე არსებული სოფლების მოსახლეობას შეშით მოამარაგებენ.

„ამ ხალხს, რომელსაც ისედაც ბევრი ზიანი მიადგა, ყველანაირად უნდა ამოვუდგეთ მხარში. ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთარი მათ უპრობლემოდ უნდა გადავატანინოთ - წელსაც მომავალ წელსაც და იმის შემდეგ წელსაც უნდა დავეხმაროთ და ისინი შეშით უზრუნველვყოთ. განსაკუთრებით იმ სოფლებში, რომლებიც ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მდებარეობს და რომლებიც განსაკუთრებით ზარალდება ოკუპანტთა მიერ მოწყობილი პროვოკაციებით, მოსახლეობას ფქვილიც უნდა დავურიგოთ. ასევე უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც მიწა დარჩა დაუმუშავებელი. ამ ხალხს ყველაფერი უნდა გავუკეთოთ შესაძლებლობის ფარგლებში და სხვა სახის დახმარებაც უნდა გავუწიოთ. მათ კარგად უნდა გამოიზამთრონ, თავი იგრძნონ სოციალურად დაცულად. ბევრი სხვა პროგრამაც უნდა ავამოქმედოთ, რომელიც, მაგალითად, განათლების სფეროში ხორციელდება. უპირველესად, ამ ადამიანებს უნდა შეეხოს, კომპიუტერიზაცია, კვალიფიკაციის ამაღლება, პედაგოგთა ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, სახელმძღვანელოებით დახმარება, დახმარება ჯანდაცვის სფეროში და ყველა სხვა მიმართულებით. თუკი სადმე რაიმე კეთდება, უწინარესად, ნიქოზში, გორისა და ქარელის რაიონების სხვა მიმდებარე სოფელებში უნდა გაკეთდეს. ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი პასუხი იმ ნაძირლობებზე, რომლებსაც რუსი ოკუპანტები ჩადიან და განსაკუთრებული თანადგომა ჩვენი ხალხის მიმართ. უახლოესი ათი დღის განმავლობაში მომახსენეთ ამ დავალების შესრულების თაობაზე - ყველა პროგრამის განხორციელება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)