Google+

რელიზები

25.06.2010
საქართველოს პრეზიდენტმა თეთრის სახლის პრესსამსახურის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

 თეთრი სახლის პრესსამსახურმა ამერიკაში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ვიზიტის პარალელურად განცხადება გაავრცელა, რომელშიც ობამას ადმინისტრაციამ მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. განცხადებაში ვაშინგტონმა მოუწოდა რუსეთს ითანამშრომლოს აშშ-ის ხელისუფლებასთან საქართველოს რეგიონებში მომავალში სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თეთრის სახლის პრესსამსახურის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.  
"რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა.  ასეთ ოფიციალურ დონეზე რუსული ჯარები პირველად იქნა მოხსენიებული, როგორც ოკუპანტი ძალა. ორი წელია ვმუშაობთ ამ ტერმინის დასამკვიდრებლად. ეს ტერმინი საერთაშორისო პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება. ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან. გუშინ მიეცა ზუსტი შეფასება იმას, რაც ხდება საქართველოში. ყველაზე მაღალ საერთაშორისო დონეზე ზუსტად არის ჩამოყალიბებული, რომ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და დღეს რუსეთის ჯარი საქართველოში არის ოკუპანტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება რუსეთსა და ამერიკას შორის დიალოგის წარმართვას.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ დიალოგის პირობებში ამერიკა რჩება თავისი პრინციპების ერთგული, რაც საქართველოსთვის დადებით შედეგს მოიტანს.
"პირველ რიგში, ჩვენთვის ეს შედეგი იქნება 500 ათასი დევნილის საკუთარ სახლებში დაბრუნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)