რელიზები
08.06.2010
საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას პირისპირ შეხვდა
დღეს ელისეს სასახლეში საქართველოსა და საფრანგეთის პირისპირ შეხვედრა შედგა.
საფრანგეთის ეროვნული გვარდიის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ელისეს სასახლის ეზოში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა ელისაბეტ რულოვსის დასახვედრად გაიმართა. მასპინძლები ნიკოლა სარკოზი და კარლა ბრუნი საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის სასახლის კიბეებთან შეეგებნენ. პროტოკოლური დახვედრის შემდეგ, ელისეს სასახლეში პირისპირ შეხვედრები დაიწყო. ძირითადი განსახილველი საკითხები ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ შეხვედრაზე განიხილეს 12 აგვისტოს ხელმოწერილი ექვს პუნქტიანი შეთანხმების მიმდინარეობის პროცესსა და რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს შეეხებოდა. მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენიმე დღეში ამავე სასახლეში ნიკოლა სარკოზი ვლადიმერ პუტინს შეხვდება და აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელებს. საფრანგეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა.
"ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, მათ შორის, ევროკავშირისა და საფრანგეთის დახმარების თაობაზე, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის დეტალები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები. ასევე ხანგრძლივი შეხვედრა შედგა სანდრა რულოვსსა და კარლა ბრუნს შორის. ვფიქრობ, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ევროკავშირში გვყავს მთავარი სახელმწიფო, რომელიც მთლიანად, ყოველგვარი ყოყმანისა და წინაპირობების გარეშე მხარს უჭერს საქართველოს ყველა საკითხში. მე ვიყავი პირველი ლიდერი, რომელიც პრეზიდენტ სარკოზის არჩევის შემდეგ სამუშაო ვიზიტით მიიწვიეს საფრანგეთში, მაგრამ ეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტია ჩვენთვის. შეხვედრები მაქვს პრემიერ მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, გუშინ შევხვდი ვიცე-პრემიერს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ელისეს სასახლის გენერალურ მდივანს. როგორც იცით, ვიზიტის ფარგლებში საქართველო-საფრანგეთის ძალიან დიდი კულტურული პროგრამა დაგეგმილი. პირადად მე, ერთი კვირის განმავლობაში ამ მასშტაბის ღონისძიებები, სადაც საქართველო ასე იქნებოდა წარმოდგენილი, ევროპაში არ მახსოვს. ეს ნაწილობრივ პრეზიდენტ სარკოზის ესოდენ დიდი მხარდაჭერის დამსახურებაა და ასევე იმის, რომ ჩვენ უფრო ევროპული სახელმწიფო გავხდით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ელისეს სასახლეში კარლა ბრუნსა და სანდრა ელისაბეტ რულოვსი შეხვდნენ ერთმანეთს. მათი საუბრის მთავარი თემა კულტურისა და ჯანდაცვის სფეროს საკითხებში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობას შეეხება.