რელიზები
14.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გენერალურ პროკურატურას ესტუმრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინაშე გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ანგარიშით წარსდგნენ. მათ ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში მიღწეულ შედეგებზე და ამ სტრუქტურებში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა უწყებებისა და თავად მინისტრების მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა საზოგადოების ნდობის აღდგენა შეძლეს, ახლა კი მთავარი მიღწეულის შენარჩუნებაა. "საზოგადოებას სამართლიანობა სურს. პოლიციასაც და პროკურატურასაც ხალხი განსაკუთრებით შეიყვარებს, თუ კარგად იმუშავებთ", - მიმართა მათ პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ახალი პოლიცია და პროკურატურა შეიქმნა, რაც არსებითად ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების უმთავრესი წინაპირობაა. პრეზიდენტმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა იმასაც, რომ ეს უწყებები ახალი, პატიოსანი და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტდა, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები საგრძნობლად შემცირდა, კორუფციისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა გამოცხადდა. იგი მცირე ბიზნესის განვითარების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საქმეში წვლილის შეტანა სამართალდამცავ სტრუქტურებსაც შეუძლიათ.
პრეზიდენტმა ძალოვან უწყებებს კონტრდაზვერვის საქმიანობის გაუმჯობესება დაავალა, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოში არეულობის შექმნას, კონფლიქტების პროვოცირებას, დესტაბილიზაციის გამოწვევას გარე ძალები ყოველმხრივ შეეცდებიან. "ბრძოლა არც ერთი წუთით არ უნდა შევაჩეროთ, ამიტომ ნურაფრის შეგეშინდებათ... საქართველო გახდება განვითარებული, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ქვეყანას ამის უნიკალური შანსი აქვს და ჩვენს მტრებს სწორედ ეს პერსპექტივა "უხეთქავს გულს".
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური