რელიზები
23.05.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპორტის აკადემიას ეწვია
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპორტის აკადემიას ეწვია, სადაც კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან გიორგი გაბაშვილთან, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურთან და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, არსებული პრობლემებისა და მიღწევების შესახებ იმსჯელა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სპორტის დეპარტამენტის საქმიანობაში ჩარევას არ აპირებს, თუმცა ამ სფეროში წესრიგის დამყარება მოითხოვა. პრეზიდენტმა გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელობა გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, სპორტის სხვადასხვა მიმართულების განვითარებას ხელოვნურად აფერხებს. კრიტიკა ფეხბურთის ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის მისამართითაც გაისმა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ ქართული ფეხბურთის ასაღორძინებლად ყველა ღონეს უნდა მიმართოს.
მიხეილ სააკაშვილმა სპორტის მესვეურებს ქუჩის მოედნების აღდგენა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სტადიონების აშენება, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით საჭიდაო და ძიუდოს დარბაზების გახსნა დაავალა.
მიხეილ სააკაშვილი მწვრთნელების ხელფასების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს სულ ცოტა 2000 მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს, ხელფასი მათ კვალიფიკაციის მიხედვით უნდა დაენიშნოს, მინიმალური თანხა კი, 250 ლარს უნდა შეადგენდეს.
"ჩემთვის სპორტის განვითარება ეროვნული აღორძინების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური