Google+

რელიზები

08.11.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვია. ვიზიტი მან იმ ქუჩების დათვალიერებით დაიწყო, სადაც წელს აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და დაპირდა, რომ ამ ქალაქში არც ერთი გაფუჭებული გზა და დანგრეული სკოლა აღარ იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისში შეიქმნება ხალახალი მომზადების პროფესიული ცენტრები, სადაც ხალხს, ასაკის მიუხედავად, სხვადასხვა პროფესიის დაუფლება შეეძლება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, წლევანდელი ზამთარი ქუთაისელებისთვის პირველი იქნება, როდესაც ელექტროენერგია ქალაქს, პრაქტიკულად, შეუზღუდავად მიეწოდება.

საქართველოს პრეზიდენტი აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში პოეტის ძეგლის გახსნას დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. "ეს უნივერსიტეტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიციების მატარებელია. აქ ასწავლიდნენ არნოლდ ჩიქობავა, კორნელი კეკელიძე და ჩვენი მეცნიერების ყველა სფეროს სხვა გამოჩენილი წარმომადგენლები... მსურს გითხრათ, რომ ჩემთვის თქვენთან შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია. მინდა მოგილოცოთ თქვენი უმაღლესი სასწავლებლის იუბილე და გითხრათ, რომ საქართველოს რევოლუციური ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი განათლებაა. განათლების გარეშე არ არსებობს სამუშაო ადგილები, შემოსავლები, წინსვლა. განათლების გარეშე ვერც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ, რადგან ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერ მტერს ჭკუით უნდა ვაჯობოთ", - განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის დიაგნოსტიკისა და კატასტროფის ეროვნული ცენტრის გახსნაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა: "მსურს ყველას მოგესალმოთ და აღვნიშნო, რომ ეს დღე ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ქუთაისში ულტრათანამედროვე, საქართველოში პირველი უმაღლესი დონის საავადმყოფო გაიხსნა. საოცრებაა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ დიდი გაჭირვება და სიღარიბეა, რევოლუციამ მოიყვანა ხელისუფლება, რომელიც იმ საქმეების კეთებაზე ორიენტირებული, რაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება. ხალხს კი ყველაზე მეტად, განათლების სისტემის დახვეწა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ელექტროენერგია, გამართული გზები, სპორტი, დასაქმება და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის დაცვა სჭირდება. ის, რაც აქ შეიქმნა დიდი სასწაულია. ხშირად, ყველას საქმიანობას ზედაპირულად ვუდგებით. ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა, საპარლამენტო გუნდთან ერთად, ორი რამ შეძლო. პირველი - საქართველოში უფასო სასწრაფო დახმარების ამოქმედება, რაც ამ სფეროში ჩვენი პირველი დიდი მიღწევა იყო და მეორე - თანამედროვე ჯანმრთელობის ცენტრების შექმნა. აპარატურა, რომელიც დღეს აქ ვნახე, მხოლოდ ნიუ-იორკსა და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მაქვს ნანახი. აქედან გამომდინარე, მინდა ეს სერიოზული წარმატება მოგილოცოთ. ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში ამ სტანდარტებისთვის მიგვეღწია. მსგავსი ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოშიც შეიქმნება. ახალ, დიდ საავადმყოფოებს ჩვენ ზუგდიდში, გორში და საქართველოს რამდენიმე სხვა დასახლებულ პუნქტში ვხსნით. ჩვენი ამოცანაა, ამ გზით ვიაროთ... დიდ მადლობას მოვახსენებ ლადო ჭიპაშვილს, ექიმთა კოლექტივს, რომელიც საგანგებოდ მომზადდა ავსტრიაში. ეხლა მთავარია, რომ ეს ცენტრი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ ხალხისთვის მაღალი კლასის მომსახურების სტანდარტებს ვქმნით. ვულოცავ ქუთაისელებს, რომ სწორედ ქუთაისში შეიქმნა ასეთი დონის - საერთაშორისო კლასის სამკურნალო ცენტრი".

მიხეილ სააკაშვილმა ქალაქის გარეუბანში ახლადაშენებული ციხეც დაათვალიერა და გასართობი ცენტრის გახსნასაც დაესწრო.

ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ქუთაისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)