Google+

რელიზები

30.11.2005
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ ბრიფინგი გამართა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ ხელისუფლების ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პენსიების დიფერენცირებას შეეხება, ბრიფინგი გამართა. კერძოდ მან განაცხადა, რომ ხელისუფლების უპირველესი პირობა, პენსიების ზრდის ტენდენციას უკავშირდებოდა და ისევე როგორც ყველა სხვა პირობა, ესეც შესრულდება. მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამ თემის ირგვლივ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. "მთელ რიგ შემთხვევებში, დემაგოგიური და პროვოკაციული განცხადებები კეთდებოდა და აუცილებლად მიგვჩნია, რომ ხელისუფლების ახალი ინიციატივა საზოგადოებას განვუმარტოთ", - განაცხადა გიორგი არველაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის პენსია, პრეზიდენტისვე ინიციატივით, მინიმალური პენსიის ოდენობით უნდა განისაზღვროს და ქვეყნის პირველ პირსაც, როგორც ნებისმიერ ადამიანს, პენსია მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაენიშნოს, რაც საპენსიო ასაკს მიაღწევს. გიორგი არველაძემ ყურადღება პარლამენტარების პენსიებთან დაკავშირებითაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათ საკუთარი პენსიის, დაახლოებით, ერთი მესამედით შემცირება მოუწევთ, ხოლო მის დასანიშნად, საპენსიო ასაკის შესრულებას უნდა დაელოდონ. "საქართველოს პარლამენტის წევრებს თავიანთი ხელფასის ოდენობის პენსია ენიშნებოდათ, მისი მიღება კი, 25-წლიანი მუშაობის სტაჟის შესრულებისთანავე შეეძლოთ. ეს ასე აღარ უნდა იყოს", - აღნიშნა გიორგი არველაძემ. მისი განცხადებით, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის სტაჟის მქონე, დაახლოებით, 300 ადამიანს, სხვადასხვა შემთვევებში, პენსია 2 ათასი ლარიდან 5 ათას 500 ლარამდე ჰქონდათ. თუმცა მან ისიც დასძინა: "მაშინ, როდესაც ქვეყანაში მინიმალური პენსია 28 ლარით განისაზღვრება, გაურკვეველია, თუ რა საფუძველზე ხდებოდა ასეთი დიდი პენსიების დანიშვნა. ეს დაუშვებელი და მიუღებელია".

გიორგი არველაძის თქმით, საქართველოს 800 ათას პენსიონერს, მომავალი წლის განმავლობაში, პენსია გაეზრდება და მინიმალური პენსია 38 ლარს მიაღწევს.

"ის ადამიანები, რომლებიც 2 ათას და 5 ათას ლარიანი პენსიების შემცირებას ეწინააღმდეგებიან, საქართველოში მინიმალური პენსიის გაზრდის წინააღმდეგ იბრძვიან, ხოლო ის, ვინც ამ 200-300 ადამიანს იცავს, საქართველოს 800 ათას პენსიონერს უპირისპირდება. ჩვენ კი მათ დავპირდით, რომ პენსიების ზრდა შეუქცევადი პროცესი იქნება და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)