Google+

რელიზები

22.01.2006
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის საგანგებო განცხადება გაზსადენზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს დღეს დილით ადრე რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული საბოტაჟის გამო, რის შედეგადაც საქართველოს ერთდროულად გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

იმ დროს, როდესაც მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, გარკვეული გარემოებები რუსეთის ხელისუფლების მიმართ სერიოზულ კითხვებს ბადებს. აფეთქებები ერთდროულად, ერთმანეთისგან 350 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიებზე განხორციელდა, უფრო ზუსტად კი, გაზსადენის აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ მკაცრად კონტროლირებად სასაზღვრი ზოლში, რომელსაც უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები იცავენ.

გაზსადენის ამ მონაკვეთზე განხორციელებული აფეთქების შედეგად, რუსეთის ენერგომომარაგება არ შეფერხებულა და მხოლოდ საქართველო დაზარალდა, რომელიც რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე მთლიანად არის დამოკიდებული.

საქართველოს ხელისუფლებისთვის უცნობია წარსულში თუ ამჟამად არსებული იმ შეიარაღებული და უკანონო ფორმირებების შესახებ, რომლებიც მგავსი ორგანიზებული დანაშაულის მოწყობით არიან დაინტერესებული და შესაბამის შესაძლებლობებსაც ფლობენ. საქართველოს ხელისუფლებას წარსულში მსგავსი მუქარა მათგან არასდროს მიუღია.

სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში საქართველოს პოლიტიკური მოტივით ენერგომომარაგება არაერთხელ შეუწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ "გაზპრომსა" და საქართველოს შორის გაზის ფასის გაორმაგების შესახებ შეთანხმება დაიდო, საქართველომ ამ ზამთარს ენერგომომარაგების კვლავ შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით, რუსეთის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებისგან არაერთი შენიღბული თუ პირდაპირი მუქარა მიიღო.

საქართველოს ხელისუფლება გმობს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენებას და ნებისმიერი სხვა სახის გავლენას, რომელიც მიზნად რუსეთის მოსაზღვრე დამოუკიდებელი ქვეყნების პოლიტიკური განვითარების შეფერხებას ისახავს. ის ასევე შეშფოთებას გამოხატავს მომავალში რუსეთის მიერ ენერგიის საიმედო და გრძელვადიან მოწოდებასთან დაკავშირებით, რამაც ადგილობრივი და ევროპის ბაზრის მოთხოვნილებები უნდა დააკმაყოფილოს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)