რელიზები
09.03.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო სესია „დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა - მომავლის პერსპექტივები“ გახსნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდში საერთაშორისო სესია „დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა - მომავლის პერსპექტივები" გახსნა. სესიას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დესწრნენ. მხარეებმა დემოკრატიული პრინციპების განვითარებისა და ამ კუთხით სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზე იმსჯელეს. სესიაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე ენერგოუსაფრთხოებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებსაც შეეხო.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველო საერთაშორისო შეხვედრების ადგილი გახდა. მისი თქმით, საქართველო იზოლირებული ქვეყანა აღარ არის, მასში დემოკრატიული პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში საქართველოს უარყოფითი კუთხით წარმოჩენას ცდილობენ. „საქართველოს გარშემო ნამდვილი იდეოლოგიური ომი მიმდინარეობს. ძალიან გავლენიანი, ფულიანი და მნიშვნელოვანი ძალები ცდილობენ, რომ საქართველო არასტანდარტულ, საშიშ, არასაიმედო, არაცივილიზებულ და არაევროპულ ქვეყანად წარმოაჩინონ. ჩვენ ევროპული, კულტურული, ცივილიზებული ქვეყანა ვართ, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ყველა ევროპელის, ამერიკელის და კეთილი ნების ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა ლახვარის ჩასობაა იმ ადამიანთა პროგრამაში, რომელთაც სურთ საქართველო ასე წარმოჩინონ. საქართველო ამ იზოლაციიდან გამოდის. საქართველო ქვეყანაა, სადაც სულ უფრო მეტი სერიოზული ხალხი ჩამოდის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბორჯომში უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოსა და მისი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობის განვითარების საქმეში. „ბორჯომის ინიციატივა თანდათან ხორცს ისხამს. ჩვენი და უკრაინის ინიციატივა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლა შედეგია იმისა, რომ ჩვენ ამ ორგანიზაციისთვის ფართო ფორმატს ვამზადებთ. საქართველო საერთაშორისო პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური