Google+

რელიზები

06.07.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს შეხვდა

5 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯოჯ ბუშს პირისპირ შეხვდა. შეხვედრისას ენერგოუსაფრთხოებასთან, დემოკრატიის განვითარებასა და საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ამის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც შეხვედრის შედეგები შეაჯამეს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ამ ქვეყნის პრეზიდენტი მისი მეგობარი.

"სხვადასხვა თემის ირგვლივ საინტერესო საუბარი გვქონდა. მე დავარწმუნე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ საქართველო ჩვენი მეგობარია და ჩვენ ქართველ ხალხზე ვზრუნავთ... მე მივულოცე საქართველოს პრეზიდენტს და მის მთავრობას, რომ მათ ისეთი ეკონომიკური გარემო შექმნეს, რომელიც ეკონომიკის ზრდას და ახალი შესაძლებლობების გახსნას შეუწყობს ხელს... მინდა, რომ ჩვენს მეგობრებთან ვიმუშაოთ. ამერიკის შეერთებული შტატები თხოვნას დახმარების შესახებ ყოველთვის ყურად იღებს, მით უმეტეს, თუ დახმარება საქართველოს სჭირდება", - განაცხადა ჯორჯ ბუშმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ საქართველო თავისუფლების მოყვარე ქვეყანაა, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის მისი ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ამ ქვეყანამ შეძლო დაეძლია კორუფცია და ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყო. ერაყში მხარდაჭერისთვის მან მიხეილ სააკაშვილს მადლობაც გადაუხადა. ჯორჯ ბუშმა ასევე ილაპარაკა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, თუმცა ისიც დასძინა, რომ ნატო-ში ინტეგრაციით არა მარტო საქართველო დარჩება მოგებული, არამედ ეს თავად ორგანიზაციისთვისაც ძალზე სასარგებლო იქნება.

"არსებობს გზა, რომელიც ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით არის გასავლელი და ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ნატოში, რომ ეს გზა საქართველომ შედარებით მსუბუქად გაიაროს. საქართველოს ბევრი აქვს გასაკეთებელი, რასაც პრეზიდენტი კარგად ხვდება. მე მწამს ნატოს გაფართოების. ასევე მწამს, რომ ნატო-ს გაფართოება მსოფლიოს ინტერესს წარმოადგენს" - მიიჩნევს ამერიკის პრეზიდენტი.

ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოში სტუმრობაც გაიხსენა და აღნიშნა: "არასოდეს დამავიწყდება ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და ცეკვა, რომელიც საქართველოში ვნახე".

მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში კიდევ ერთხელ დაპატიჟა.

"ბატონო პრეზიდენტო ჩემთვის ძალზე საამაყო იყო თქვენს გვერდით თავისუფლების მოედანზე დგომა. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრები საბჭოთა რეჟიმის დროს დახვრიტეს - ისინი თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირნენ. არაჩეულებრივი გრძნობა იყო თქვენთვის საქართველოს გაცნობა - ის პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ქვეყანაა. ვცდილობთ მაღალ დონეს ეკონომიკური თვასაზრისითაც მივაღწიოთ. მართალია, ჩვენ დაბალი გადასახადები გვაქვს, მაგრამ მათ ამოღებას საკმაოდ ეფექტიანად ვახერხებთ. მოგეხსენებათ, რომ წინამორბედი ხელისუფლება ამას ნამდვილად არ ცდილობდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჯორჯ ბუშმა საქართველოს პრეზიდენტისაგან თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველების წერილი მიიღო. წერილი, რომელიც ოკუპაციის მუზეუმიდან არის გამოტანილი, სააკაშვილის თქმით, იგი მაშინდელ "ენკავედეს" ჩაუვარდა ხელში და ადრესატამდე ვერ მიაღწია.

"პრეზიდენტ ბუშს ახლახანს გადავეცი წერილი, რომელიც თავისუფლებისათვის მებრძოლმა ქართველებმა სამოცდაათი წლის წინათ ამერიკის მთავრობას გაუგზავნეს და რომელმაც თეთრ სახლამდე ვერ მიაღწია. ის რუსულ უშიშროებას ჩაუვარდა ხელში და ყველა, ვინც მას ხელს აწერდა, დახვრიტეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"დიდი რვიანის სამიტამდე პრეზიდენტ ბუშთან საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ. ჩვენ გვჯერა, რომ საერთო პრიორიტეტები და ღირებულებები გვაქვს. პირადად ჩემთვის, ისევე, როგორც ქართველთა უმეტესობისთვის ამერიკა და თავისუფლება სინონიმებია. ასე იყო საბჭოთა ეპოქიდან და ასეა დღემდე. მინდა გითხრათ, რომ ერაყში ჩვენი მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა ამერიკასთან საერთო ღირებულებებითაა განპირობებული, რადგან ერაყში გამარჯვება ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, თავისუფლების მოპოვების მაგალითს წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ საერთო შეხედულებები გვაქვს. მე დავესწარი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს, პრეზიდენტ ბუშს დაბადების დღეს ვულოცავ, ღმერთი ფარავდეს მას, ამერიკას, საქართველოს და მთელ მსოფლიოს!" - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი ქართველი ჟურნალისტებისთვისაც გააკეთა და განაცხადა: "სანკტ-პეტერბურგში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანი იყო. დღევანდელ შეხვედრას საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება, ამაში დარწმუნებული ვარ და ქართველი ხალხი შედეგებს აუცილებლად ნახავს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ბოლომდე დაუდგება გვერდით და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მის სრულ მხარდაჭერას ვიგრძნობთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს თეთრი სახლიდან გამოვიტანე."


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)