Google+

რელიზები

28.11.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ მორაგბეებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში გამარჯვებულ ქართველ მორაგბეებს შეხვდა, მათ გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უმაღლეს ლიგაშია არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, არამედ მსოფლიო პოლიტიკის მხრივაც. მიხეილ სააკაშვილმა საუბრისას განაცხადა, რომ საკუთარი მიზნებისთვის, საქართველომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს და დსთ-ს სამიტში მონაწილეობას აუცილებლად მიიჩნევს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, საქართველო დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იდეაზე უარს არ იტყვის. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ლელოს აუცილებლად გავიტანთ, ამის მაგალითი კი ჩვენი მორაგბეებისგან უნდა ავიღოთ.

"მინდა ყველას ესმოდეს ის მოტივაცია, რომლითაც საქართველოს დელეგაცია მინსკში მიემგზავრება. ჩვენ გვესმის, რომ დსთ, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, საკმაოდ არაეფექტიანი ორგანიზაციაა, მაგრამ საქართველოს არა აქვს უფლება რომელიმე ტრიბუნა არ გამოიყენოს. მართალია, ჩვენ გვაქვს ტრიბუნები, სადაც ყველა მხარს გვიჭერს, მაგალითად, ისე, როგორც ამას წინათ ევროპის პარლამენტში მოხდა, მაგრამ გვაქვს შედარებით ნაკლებად მოსახერხებელი ტრიბუნებიც. თუმცა ყველა ტრიბუნა ჩვენთვის კარგია. ჩვენზე განხორციელებული ზემოქმედების მიზანია, ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტზე ფსიქოლოგიური წნეხის მოხდენაა, შიდა განხეთქილების წარმოსაქმნელად, მაგარამ ეს არ ხდება და არც მოხდება; ხოლო მეორეს მხრივ, ხალხის შევიწროება იმისათვის, რომ მან საკუთარი არჩევანი შეცვალოს. თუმცა ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ზემოქმედება, ქართველი ხალხი არასოდეს იტყვის უარს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და საქართველოს მთლიანობის იდეაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ეკონომიკური წნეხით საქართველო მხოლოდ მოგებული დარჩება და ამის მაგალითად გახსნილი საწარმოები, დასაქმებული ხალხი და ინვესტიციების ზრდის პროცესი მოიყვანა. მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობის საკითხსაც შეეხო, რაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებსა და სამართლიანობის იდეას უნდა ეფუძნებოდეს და ამ მთავრობის მმართველობის პერიოდში უნდა მოხდეს. მისი თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოზიციაა.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო მაგრად დადგება, გუნდურად ითამაშებს და ლელოს ბოლომდე გაიტანს. ეს არის ჩვენი სტრატეგია - პოლიტიკურიც და სპორტულიც. მაგალითს თქვენგან ავიღებთ. მსოფლიო პოლიტიკის თვალსაზრისით, უმაღლეს ლიგაში ჩვენ უკვე ვართ და თავს არავის დავაჯაბნინებთ", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)