Google+

რელიზები

18.12.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხანუკის დღესასწაულს დაესწრო

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

ჩვენო სტუმრებო!

მინდა ეს წმინდა დღესასწაული მოგილოცოთ.

ჩემთვის უკვე ხანუკის სანთლის დანთება ტრადიციად იქცა, ეს არ არის გასაკვირი. ეს საქართველოს ყველა დროის ყველა ლიდერის, მოღვაწის, ყველა თანამდებობის პირისათვის დაუწერელი კანონია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებეობს, რომელსაც საფუძველი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლებმა ჩაუყარეს, რომლის ყველაზე ბრწყინვალე გამოხატულება ყველაზე დიდი ქართველი მმართველი

დავით აღმაშენებელია - ეს ებრაელ ერთან ისტორიული ძმობა, ერთობა და მეგობრობაა.

ჩვენ წარსულთან ბევრი რამ გვაკავშირებს, ძლიერი კავშირები აწმყოშიც გვაქვს. ჩვენ მნიშვნელოვანი ერთიანი მომავალი გვაქვს.

ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომელსაც გადაუწვეტავი საკითხები არ აქვს. ჩვენ ერთად ვწყვეტთ საკითხებს. ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომელთა შორისაც არ არსებობს ეთნიკური დაპირისპირება. ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომელთა ისტორიული და კულტურული პარალელები უპრეცენდენტოა ნებისმიერ სხვა ერთა მიმართებაში.

ჩვენ ვართ ორი სახელმწიფო, რომელსაც ადვილი ვითარება არ აქვს, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოებს კარგად ესმის სოლიდარობის, მოკავშირეობის და მეგობრობის ფასი.

როცა ხაიფაში ბომბები ეცემოდა, ამის შემდეგ მე ჩავთვალე ჩემი თავი მოვალედ ჩავსულიყავი ამ ქალაქში და ჩემს მეგობრებთან ერთად ხაიფის მოსახლეობის მიმართ სოლიდარობა გამომეხატა.

ჩვენ დღეს მოვისმინეთ ისრაელის ჰიმნი, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია და ებრაული კულტურის ღრმა პლასტებს ნათლად გამოხატავს. ყვეოლამ, ვინც ებრალი ხალხის ისტორია იცის, ესმის, თუ რა დიდი ტრაგედია გადაიტანა ამ ერმა. ამ ადამიანებისათვის არ შეიძლება არსებობდეს კითხვა - თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სოლიდარობის გამოხატვა ისრაელისადმი? რატომ არის მნიშვნელოვანი ვიდგეთ ერთად? - იმისათვის რომ არასოდეს არ მოხდეს ამ ისტორიის განმეორება და ვინმეს გაუჩნდეს მსგვასის განმეორების სურვილი.

მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულეებს ისრაელის სახელმწიფოში. ჩვენ ბოლო წლის განმავლობაში ათასობით ქართველ ებრაელს საქართველოს მოქალაქეობა აღვუდგიენთ, ჩვენთთვის ეს ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოში დაბადებული ყველა ადამიანის ინსტიქტი ასეთია - იგი მზად არის დაბრუნდეს თავის ქვეყანში, მოინახულოს და გაიდგას ფესვები თავის სამშობლოში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ ძალიან ბევრი ებრაელი მოგზაურობდეს, წინაპართა კერებს ნახულობდეს.

მსურს გავიხსენო ცხინვალი - გასული საუკუნის დასაწყისში ეს იყო ქართულ-ებრაული ქალაქი, სადაც უმნიშანელოვანესი სალოცავები და კულტურული ცენტრი იყო, სადაც იყო რაბინ აბრამ ხუალესი, რომელმაც ააღორძინა ჩამკვდარი სულიერი ცხოვრება ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საქართველოდან, კერძოდ ცხინვალიდან. მსურს ყველამ გავიხსენოთ - საქართველოში იყო სინაგოგების ორმოცი პროცენტი, საქართველოში იყო და არის დაცული უმნიშვნელოვანესი ებრაული ხელნაწერები. საქართველოში იყო უმნიშვნელოვანესი ებრაული კულტურული ცენტრები. ამგვარად მსოფლიო ებრაელობისათვის ეს უმნიშვნელოვანესი ადგილია.

ჩვენ ველით ამ ხალხს და მივესალმებით მათ ჩამოსვლას საქართველოში. ჩვენ ამ ხალხთან კონტაქტების აღდგენა და გაფართოება გვსურს. საქართველო თავისი მრავალეროვნულობით უძველესი ქვეყანა. მე არ მიყვარს სიტყვა ტოლერანტურობა. ჩვენი ერთმანეთთან ყოფნა გვიყვარს და გვიხარია. მე ვნახე თელავივში, აშდოდში აფხაზეთიდან წამოსული ებრაელები. მე კარგად ვიცი, როცა ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზეთს, იქ ქართველები ებრაელებთან ერთად ჩავალთ. ებრაელების გარეშე არ იქნება ცხოვრება ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს სულიერ ცენტრში და დავამაყარებთ მშვიდობას ქართველ ებრაელებთან ერთად. ეს მათი სულიერი მემკვიდრეობაა. ჩვენ ყველანი ერთად ვაყენებთ ჩვენს ქვეყანას ფეხზე და ამაშიც გადამწყვეტი როლი ქართველი ებრაელობის იქნება.

ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. საქართველოში იმდენი მილიონი ქართველია, რამდენიც საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს არცერთი დასაკარგი შვილი არ ჰყავს.

ჩემო ძვირფასებო - კიდევ ერთხელ მოგილოცავთ. მადლობას მოგახსენებთ ამ სითბოსათვიმ.

საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც მეტი ებრაელი ჩამოდის უკან, ვიდრე გადის. ჩვენ თქვენ გიფრთხილდებით.

გილოცავთ! - მინდა ყველას გითხრათ შალომ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)