Google+

რელიზები

11.01.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სხდომას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ზემო აფხაზეთში, სოფელ ჩხალთაში პირველად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთვარობის მუშაობით მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილია. საქართველოს პრეზიდენტი ყველა მხარეს დიალოგისაკენ მოუწოდებს და აფხაზეთის მთავრობის უკანონოდ გამოცხადებას არავის ურჩევს. „სანამ საქართველო და სამართლის განცდა არსებობს, ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო სახელმწიფო ანექსიის და ეთნიკური წმენდის დაკანონებას არ შეურიგდება. ლეგიტიმური მთვარობა შესაძლებელია მხოლოდ სოხუმში გადავიდეს. ჩვენი გზავნილი მათთვის არის მშვიდობის, მოლაპარაკების, ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიების, ადამიანის ღირსების აღდგენისა და უფლებების განუხრელი დაცვის გზავნილი. მე იმედი მაქვს, რომ სოხუმში, აქედან ძალიან მოკლე მანძილზე, ჩემს ამ გზავნილს კარგად მოუსმენენ. ახლა ისტერიის დრო არ არის, ახლა სერიოზული მოლაპარაკების დროა."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს პრეზიდენტი ჩხალთაში ჩასვლამდე აჟარაში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა, ახალი ობიექტები დაათვალიერა და ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დადებითად შეაფასა. მან სოფელ აჟარაში, ორ თვეში აშენებულ კინოთეატრში ბავშთებთან ერთად ფილმი ნახა, შემდეგ კი, სახალხო ბანკის მუშაობაც შეამოწმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, გაზაფხულისთვის ახალ გზის, სათხილამურო კურორტის და პატრიოტული ბანაკების მშენებლობა იგეგმება, სადაც ის ყველა აფხაზ ახალგაზრდას ეპატიჟება.

მიხეილ სააკაშვილმა დღესვე თითქმის ყველა სამთავრობო შენობა დაათვალიერა. სამართლდამცავთა პირობებით დაინტერესდა. ჩხალთაში მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სოციალური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, უსაფრთხოების გარანტიაც მისცა. „არცერთ სამხედრო ძალას არ ვურჩევ ამ ვიწრო ხეობებში ცხვირის შემოყოფას, ვინაიდან შესაძლოა მათ ეს ცხვირი მოეწეწკოთ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზური მხარის თანხმობის შემთხვევაში, ქართული მხარე მზად არის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გალის რაიონში მდებარე განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტებზე კოდორის ხეობაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მსგავსი სამუშაოები გაატაროს და დააფინანსოს.

მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის მთვარობის განათლების მინისტრს აფხაზეთის სასწავლო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება და პედეგოგების პრემიით უზრუნველყოფა დაავალა. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო საკუთარ უპირატესობას იარაღის ჟღარუნით კი არა, აღმშენებლობის პროცესით ამტკიცებს.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ახალი კონსტიტუციის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

პრეზიდენტის განცხადებით, ახალი კონსტიტუცია საერთაშორისო დონის დოკუმენტი უნდა იყოს, რომლის შემუშავების პროცესშიც ყველა პოლიტიკური ძალა და ეთნიკური ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.

„საქართველოში ახალი კონსტიტუციის შექმნა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის შემდეგ არის შესაძლებელი. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, კონსტიტუციის შექმნის პროცესი ყველა პოლიტიკური ძალის და ეთნიკური ჯგუფის, მათ შორის, კონფლიქტის მხარეების მონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს. ამ პროცესში ყველას ჩართვას მივესალმებით" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)