Google+

რელიზები

04.03.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ბაზას ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში ჩავიდა, სადაც გორის წმინდა წყლის დასახლებაში მიმდინარე სამხედრო ნაწილის მშენებლობა დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტი საარტილერიო ბრიგადასაც ესტუმრა, ჯარისკაცებს შეხვდა და სიტყვა წარმოთქვა. კერძოდ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ერთიანობა აკლია. მან 14 წლის წინანდელი პერიოდი გაიხსენა, როდესაც დევნილი მოსახლეობა აფხაზეთს ტოვებდა. მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალაც უჩვენა და აღნიშნა, რომ აფხაზური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, დღესდღეობით, 100 ათასზე ბევრად ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. 15 წლის წინათ კი ეს ტერიტორია ნახევარ მილიონამდე მშვიდობიან მოსახლეს იძულებით დაატოვებინეს. საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ჯარისკაცების გაგზავნისა და ერაყში ქართული სამხედრო კონტიგენტის გაზრდის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა.

"სეპარატისტებსა და მათ მფარველებს იმედი ჰქონდათ, რომ მას შემდეგ, რაც ასობით ათას ადამიანს საკუთარი სახლებიდან გაყრიდნენ, გარკვეული დროის შემდეგ იქ დაბრუნება აღარავის მოუნდებოდა. მათ დღესაც ამის იმედი აქვთ. თუმცა ბავშვები, რომლებიც აქ გაიზარდნენ, იქ მომხდარი უსამართლობის წინააღმდეგ საკმაოდ გაბედულ აქციებს აწყობენ. საქართველოში გაიზარდა ახალი თაობა, რომელიც კაპიტულანტობას, უსამართლობას და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვას აღარასოდეს შეეგუება. საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელიც საკუთარ ქვეყანას არავის დააჩაგვრინებს და სამართლიანობის იდეას ფეხქვეშ არ გაათელინებს. ეს თაობა მთლიანად თავისუფალია კომპლექსებისგან და მზადაა ხელი გაუწოდოს ყველას. ეს ახალგაზრდობა ერთმანეთთან ინტერნეტით ურთიერთობს და მათ შორის - იმ თანატოლებთან, რომლებიც აფხაზეთში დარჩნენ. ამ თაობისთვის ყოველგვარი ძალადობისა და შურისძიების განცდა უცხოა. ჩვენ არა შურისძიება, არამედ შერიგება გვსურს. ჩვენ არა ახალი ძალადობა, არამედ ისტორიის გადაფურცვლა და საერთო მომავლის ერთად შენება გვსურს. თუმცა მინდა ყველამ გააცნობიეროს, რომ შერიგება არა უმწეობის პოზიციიდან, როგორც ხშირად მოგვიწოდებენ, არამედ ძლიერი ქართული სახელმწიფოს პოზიციიდან გვსურს. ჩვენ ხელს გავუწვდით არა დაჩოქილი მდგომარეობიდან, როგორც ეს ბევრს სურდა ენახა, არამედ წელში გამართული ხალხის მდგომარეობიდან. გზა როკის გვირაბზე, გზა ფსოუზე გადის არა მოწუწუნე, უმწეობის სინდრომით შეპყრობილ რეგიონალური და პიროვნული ამბიციების ნიშნით დაყოფილ ხალხზე, არამედ განვითარებულ, ძლიერ, მომავლის რწმენით გამსჭვალულ საქართველოზე, რომელიც თვალსა და ხელს შუა შევქმენით და ეს პროცესი ყველა სკეპტიკოსისა და არაკეთილმოსურნის გულგასახეთქად კვლავაც გრძელდება. ასეთი სახელმწიფო სწორედ ჩვენი რწმენის წყალობით შეიქმნა - ვირწმუნეთ, რომ ჩვენ გვაქვს მომავალი ერთიან, მრავალეროვან, მრავალკულტურულ საქართველოში, რომელიც ერთიანობას, პატივისცემას, მშვიდობასა და საერთო მომავლის იდეას ეფუძნება. აქედან კი უკან დასახევი გზა ნამდვილად არასოდეს აღარ იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობა საეერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში უფრო აქტიურ მონაწილეობას გეგმავს. სულ მალე კი ავღანეთში ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობისთვის ქართული კონტიგენტი გაიგზავნება.

"ჩვენი სურვილია და ამისათვის მზად ვართ კიდეც, რომ მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს ერაყელ და ამერიკელ კოლეგებს. გვინდა მათ დავანახოთ, რომ ქართველები არასდროს გარბიან. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, ჩვენ არა მარტო დავრჩებით იქ, არამედ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ამ ოპერაციებისთვის გადამწყვეტი პერიოდი იქნება, ერაყში ჩვენს სამხედრო მონაწილეობას გავზრდით. ეს მნიშვნელოვანია როგორც მათი დახმარების თვალსაზრისით, ისე საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მისაღებად. ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ და ვაგზავნით კიდეც კონტიგენტს ავღანეთში, რათ ნატო-ს ოპერაციაში მივიღოთ მონაწილეობა. ასე რომ, საქართველოს შეიარაღებული ძალები მოდერნიზაციას განიცდის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს ძალიან ბევრის მთქმელი ასპექტია ჩვენი საგარეო და ასევე საშინაო უსაფრთხოების მხრივ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ოფიცერთა კორპუსი ათასი მოსამსახურით გაიზრდება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ცოტა ხნის წინათ მიიღო. მოსამსახურეთა შერჩევა უკვე დაიწყო და განსაკუთრებული ყურადღება, ამ მხრივ, ახალ კურსდამთავრებულებს მიეპყრობა. მიმდინარე წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის რეზრვისტთა რიგებში გაწვევა სავალდებულოა. სამხედრო ბიუჯეტის ძირითადი თანხა სამხედრო მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

"ჩვენი კურსი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და მისი ცალკეული ელემენტების ძალიან სწრაფ განვითარებისკენ, უცვლელია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ოფიცერთა კორპუსი ათასი მოსამსახურით გავზარდოთ. ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ ხალხი უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით, წლევანდელ კურსდამთავრებულებს შორის შევკრიბოთ, ასევე მათ შორის, ვინც უმაღლესი ახლახან დაამთავრა. მათგან უმცროსი ოფიცრების დიდი ნაკადი უნდა მივიღოთ. ამას გარდა, თქვენ იცით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთლიანად პროფესიულ საფუძველზე გადაყვანის გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ ახალ პროფესიულ ბრიგადას ვქმნით, თუმცა, ამას გარდა, რამდენიმე ათეული ათასი რეზერვისტი გვეყოლება, რადგან რეზერვისტებში გაწვევა წლევანდელი წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო კანონია. საქართველოს ყველა მოქალაქეს სამშობლოს დაცვისა და საქართველოს სამსახურში ჩადგომისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)