საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანიას „ბი-ბი-სი“
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა, ინტერვიუ მისცა 'ბი-ბი-სი'-ს პოპულარულ თოქ-შოუს „ჰარდ თოქ".
ნახევარსაათიან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პასუხები იმ მწვავე შეკითხვებს გასცა, რომლებიც საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და „გაყინული კონფლიქტების" მოგვარებას უკავშირდება.
ერთ-ერთი პირველი შეკითხვა რუსეთთან ამჟამინდელ ურთიერთობას და მის მოგვარებას შეეხო, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ შერიგებაზე საუბარს. იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობა გამოსწორდება. ჩვენი სურვილია რუსეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდეს."
ჟურნალისტი სტივენ საკური რუსი სამხედროების დაკავების თემასაც შეეხო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, როცა საფრთხე არსებობს, უნდა იმოქმედო და პოზიცია საჯაროდ გამოხატო. „ჩვენი მიზანი არ ყოფილა საქართველო ნეგატიურ ასპექტში წარმოჩენილიყო. ჩვენი ქვეყანა საკმაოდ წარმატებულია, რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ წამყვანი კოდორის ხეობის დაბომბვის დეტალებით დაინტერესდა და საქართველოს პრეზიდენტს ამ საქმეში რუსეთის ბრალეულობის შესახებ განმარტება სთხოვა. მიხეილ სააკაშვილს განცხადებით, „ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს იმიტომ ადანაშაულებს, რომ საკმაოდ ბევრი შეკითხვა გაჩნდა. ეს არის რეგიონი, რომელიც რუსეთთან ახლოს მდებარეობს, მისი დაბომბვა ღამით მხოლოდ რუსეთს შეეძლო. ყველა დაინტერესებულია გამოძიების შედეგებით. ვამბობთ, რომ ტექნიკურად ამის გაკეთება რუსეთს შეეძლო, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც გაერომ უნდა თქვას" -აღნიშნა საქართვველოს პრეზიდენტმა.
გადაცემის წამყვანმა მორიგი შეკითხვა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე დაუსვა და კონფლიქტური რეგიონები შეახსენა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობამ არჩევანი საბჭოურ სისტემასა და ევროპულ დემოკრატიას შორის უნდა გააკეთოს. ათასობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან გამოყარეს. იქ დარჩენილ მცირერიცხოვან მოსახლეობის ნაწილს არჩევნების გზით, დამოუკიდებლობის მიღწევა სურთ. ჩემი აზრით, ეს კანიბალური პოლიტიკაა."
საუბრის დასასრულს, მიხეილ საკააშვლმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს კარგი შანსი გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა და ეს მისი მთავარი მიზანია.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური