რელიზები
17.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნობელის სახელობის მუზეუმი გახსნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ბათუმში ალფრედ და ლუდვიგ ნობელების სახელობის მუზეუმი გახსნეს. მუზეუმის გახსნის იდეა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის და ის იმ შენობაშია განთავსებული, რომელშიც მე-19 საუკუნის დამლევს ძმებ ნობელებს ოფისი ჰქონდათ გახსნილი. მუზეუმში თავმოყრილია უნიკალური ექსპონატები, რომლებიც მე-19 საუკუნის აჭარის ეკონომიკურ და სოციალური ყოფას ასახავს, ასევე არის ნივთები, რომლებიც მეცნიერი ძმების მოღვაწეობას უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მუზეუმი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ერთი საუკუნის წინათ მსოფლიო თანაცხოვრებაში ჰქონდა, ასევე იმ მისიას, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს.
"მსოფლიოში ნავთობის ბუმი ბაქოდან დაიწყო, თუმცა მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა სწორედ ბათუმიდან ხდებოდა. აქ იყო ძირითადი კომპანიები და მათი კულტურული და სოციალური ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი. იმ პერიოდში ეს ქალაქი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ეკონომიკით, არამედ იმითაც, რომ აქ ყველაზე ცნობილი ევროპელი მწერლები, გამომგონებლები და მეცნიერები ცხოვრობდნენ. ერთი სიტყვით, საქართველო ევროპის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო და ეს მუზეუმი ამის ნათელი დადასტურებაა. ამას ადრეც აღიარებდნენ, მაგრამ მაშინ ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ეხლა კი, ჩვენი გაკეთებული საქმე საქართველოსა და ქართველი ერის მნიშვნელობასა და როლზე მიუთითებს. ჩვენ ბევრი სხვა საგანძური გვაქვს მივიწყებული და მიკარგული, რაც შეგნებულად ხდებოდა. თუმცა თანდათან ყველაფერი ბრუნდება - ბევრად უფრო დიდი ბრწყინვალებითა და პერსპექტივით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღესვე ძველ ბათუმში მიხეილ სააკაშვილმა შვედ სტუმართან ერთად იმ სახლის ფასადზე, რომელშიც 1921-23 წლებში შვედეთის საკონსულო მოქმედებდა, მემორიალური დაფა გახსნა.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ბათუმში 26 უცხო ქვეყნის საკონსულო მდებარეობდა. ესეც იმის მანიშნებელია, რომ, დამოუკიდებლობის გზაზე საქართველო თითქმის ფონს იყო გასული, ბოლო წუთს რომ არ მოვებრუნებინეთ უკან", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური