Google+

რელიზები

31.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მშენებლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მშენებლობაზე მომუშავე პერსონალი: მთავარი ინჟინერი მიხეილ ჩხიტუნიძე, ელექტრიკოსი პეტრე თედეევი, მღებავი რაზმილ მარტიროსიანი, ინჟინერი გივი ნიშნიანიძე, მუშა-ხელოსნები ავთანდილ ლომიძე და დავით კილაძე. გამბედაობისა და თავდაუზოგავი შრომისთვის პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მსგავსი ხალხის მეშვეობით ქვეყანაში მშვიდობა დამყარდება.

"რამდენიმე დღის წინათ დაბომბეს ის ტერიტორია, სადაც ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს. ისროდნენ ცხინვალის მხრიდან, მაგრამ ჩვენი სპეციალისტებისა და მუშების დიდმა ჯგუფმა მუშაობა არ შეწყვიტა და საკუთარი მოვალეობის შესრულება განაგრძო. დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ არ გატყდით, დიდი მადლობა იმისათვის, რომ აშენებთ. თავდაუზოგავი შრომისთვის და გამბედაობისთვის მინდა ღირსების ორდენები გადმოგცეთ", - განუცხადა მათ საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ცხინვალსა და ცხინვალის გარშემო მშენებლობა კვლავაც გაგრძელდება.

"ჩვენ ავაშენებთ საბავშვო ბაღებს, საავადმყოფიებს, გზებს, სუპერმარკეტებს, კინოთეატრებს, დისკოტეკებს, საცურაო აუზებს, სკოლებს და სხვა ობიექტებს. კრიმინალები გვიყენებენ სხვადასხვა ულტიმატუმს, ვადას დღევანდელ დღემდე, 31 მაისამდე გვაძლევდნენ და ამბობდნენ, რომ 1 ივნისიდან ჩვენს საწინააღმდეგოდ დაიწყებდნენ მოქმედებას. თუმცა ისინი ვერაფერს ვერ გახდებიან, რადგან არაფრის თავი არა აქვთ. თქვენნაირ ხალხთან ერთად ჩვენ მშვიდობას დავამყარებთ და ხალხს ნორმალური განვითარების საშუალებას მივცემთ. ნურავინ ნუ შეეცდება რაიმე აგვირიოს და პროვოკაციები მოგვიწყოს. საქართველო ის ქვეყანა აღარ არის, როგორიც მათ წარმოუდგენიათ. უწინარეს ყოვლისა, საქართველო თქვენნაირი ხალხით დასახლებული ქვეყანაა და ვერც ეთნიკურ ქართველებს და ვერც ეთნიკურ ოსებს (ჩვენთვის ისინი ყველანი ჩვენი მოქალაქეები არიან), პრობლემებს ვერავინ ვეღარ შეუქმნის. დაწყებულ საქმეს კი ბოლომდე მივიყვანთ. მსურს, ქართული სახელმწიფოს სახელით, დიდი მადლობა მოგახსენოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)