საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში სუამის სამიტს დაესწრება
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში სუამის სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. რეგიონული სამიტი საერთაშორისო მასშტაბს იძენს, ხოლო თავად სუამი საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსს იძლიერებს. მას ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკა და იაპონია სრულფასოვან პარტნიორად სცნობენ.
სამიტის მონაწილე ლიდერებმა მიიღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მიმართვა, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სუამის საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაქმნისა და გენერალური სამდივნოს შემნის თაობაზე. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკა მხარს უჭერს ამ ორგანიზაციის გაძლიერებას.
სამიტის პარალელურად მიმდინარეობს შეხვედრები სუამის წევრ და სხვა სახელმწოფოთა მეთაურებს შორის. საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ, პოლონელ და ლიტველ კოლეგებს. მათ სუამის გაფართოებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, სამომავლოდ განიხილება ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონებში სუამის ფორმატით სამშვიდობო კონტიგენტის ჩანაცვლება.
სუამის მეორე სამიტში ათამდე დოკუმენტს მოეწერება ხელი, მათ შორის ბაქოს დეკლარაციას, სუამის წევრი ქვეყნების მთავრობათა შორის მემორანდუმს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში, გაფორმდება შეთანხმება ტვირთების გადაზიდვის შესახებ. სამიტზე იმყოფება 8 სახელმწიფოს ლიდერი, 30 ქვეყნის წარმომადგენელი და სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ექსპერტები.
"ახლა საქართველოს ბუნებრივი აირით მომარგებას აზერბაიჯანის მხარე უზრუნველყოფს. წელს ზამთარში, თითქმის უიმედო სიტუაციაში, ჩვენ და აზერბაიჯანმა ერთად მოვახერხეთ მთავარი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას შეეხება. ეს არა უბრალოდ ფორმალური ურთიერთობაა, არამედ ის საქართველოს გადასარჩენად და გასაძლიერებლად სრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი ინტერესები მკაფიოდ გამოხატულია და მხარდაჭერილია აზერბაიჯანის მიერ. სამიტი უკვე წარმატებულია, რადგან აქ წარმოდგენილია პოლონეთი, ლიტვა, რუმინეთი - ევროკავშირის ქვეყნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონი ადვილად დასაჩაგრი აღარ არის. ამ მხრივ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი და ძალიან რთული საკითხები გადასაწყვეტი, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად იცვლება ჩვენს სასარგებლოდ, რაც რამდენიმე წლის წინათ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
უკვე ორი წელია, რაც სუამს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სუამის ძირითადი სამდივნო უკრაინაში განთავსდება, რომელსაც ვალერი ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური