რელიზები
06.07.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრს ესტუმრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის საგამოცდო ცენტრს ესტუმრა, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობდა. მიხეილ სააკაშვილმა გამოცდების პროცესსაც შეავლო თვალი.
მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში მედეას ქანდაკების გახსნის პრეზენტაციას დაესწრო. მასთან ერთად ღონისძიებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძე ესწრებოდნენ.
"ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მედიას ძეგლის დადგმის დროს და ბათუმსა და არგონავტების შესახებ მითის პერსონაჟს შორის კავშირს ვერ ხედავდნენ. მედეა ასოცირდება არგონავტებთან და მედიცინასთან. ეს ძეგლი საქართველოს შავიზღვისპირეთის სიმბოლო და ერთ-ერთი ატრიბუტია, ხოლო საქართველოს შავიზღვისპირეთი იწყება აჭარიდან და გრძელდება ფსოუმდე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა რესტორანი "აჭარული სახლი" გახსნა. საღამოს კი, იგი იტალიელი მომღერლის ტოტო კუტუნიოს კონცერტზე დასწრებას გეგმავს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური