საქართველო გაეროს მისიისა და სამშვიდობო პროცესის სრულ გადახედვას მოითხოვს
საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს 62-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით გაეროს დამკვირვებელთა მისიის როლი ძირეულად გადასახედია. მან აღნიშნა, რომ ამ რეგიონებში სტატუს-კვოს შენარჩუნება მიუღებელია და ეს ხელს აძლევს მათ, ვინც ეთნიკური წმენდა განახორციელა.
გენერალური ასამბლეის უმაღლესი დონის დებატებზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ამ ტერიტორიებზე გაეროს დამკვირვებელთა მისიამ ფუნქციონირება დაიწყო, "სამშვიდობო პროცესის ყველა ასპექტის სრული გადახედვა არ მომხდარა.
"გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ცდილობდა მშვიდობა დაემყარებინა ამ რეგიონებში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გაერო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს განუხრელად აღიარებდა, ამ მცდელობამ საქართველო ვერ გაამთლიანა " - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა "ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს ასე გაგრძელდეს".
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადახედვამ "ძირეული ცვლილებები უნდა გამოიწვიოს", განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზე, სადაც "ვითომ ნეიტრალურ" დამკვირვებელთა ქმედებები ტენდენციური იყო და სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემსახურებოდა.
"ათასობით ადამიანი იძულებით გამოყარეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან", - თქვა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო შემოთავაზების დეტალებზე, რითიც ამ ორ რეგიონში "სეპარატისტული ილუზიებით მოწამლულებს უსაფრთხოებისა და წარმატების ალტერნატივა ეძლევათ ".
"სამშვიდობო პროცესის წინსვლის და არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის ნებისმიერი გეგმა უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკურ განვითარებას და დროებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას", - განაცხადა მან.
"აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებს ჩვენ ვთავაზობთ სრული თვიმმართველობის უფლებას ჩვენი სუვერენიტეტის ფარგლებსა და ტერიტორიულ საზღვრებში, საერთაშორისო გარანტიების დაცვით.
"უფრო მეტიც, ყველა დაინტერესებულ ჯგუფს გვინდა შევთავაზოთ საკუთრების უფლება, დაცვის განსაკუთრებული გარანტიით, რათა გავაძლიეროთ მათი იდენტურობა. გვსურს უზრუნველვყოთ მათი მშვიდობიანი სამუდამო თანაცხოვრება, რისი შესრულების ვალდებულებასაც სახელმწიფო და საერთაშორისო თანამეგობრობა იღებს. ევროპის კავშირს კი ვთავაზობთ უფრო მეტად ჩაერთოს ამ პროცესში. ჩვენ მივესალმებით მისი როლის გაძლერებას.
"მოკლედ, ვთავაზობთ ავტონომიის ევროპულ ხარისხს, დაფუძნებულს იმ პრინციპებზე, რომელთა საშუალებითაც დანარჩენმა ევროპამ მშვიდობა და კეთილდღეობა თავის მრავალ ეთნიკურ გარემოში დაამკვიდრა.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეთნიკური წმენდის მუდმივი უგულებელყოფა "ლაქად აჩნდა საერთაშორისო საზოგადობის მორალურ კოდექსს."
პრეზიდენტმა ასევე დასვა შეკითხვა - რატომ აშენებენ "რუსული ელემენტები" ახალ სამხედრო ბაზას სამხრეთ ოსეთში, "შუაგულ საქართველოში, რუსეთის ტერიტორიიდან საკმაოდ შორს".
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური