Google+

რელიზები

20.11.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეორე სამამულო ომის ვეტერანებს და პენსიონერებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერიაში, მეორე სამამულო ომის ვეტერანებს და პენსიონერებს შეხვდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერიაში, პენსიონერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა საქართველო ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარი არეულობის გამო დაზარალდა და მან უცხოეთიდან ჩასადები ფულის სახით, ასეული მილიონის შემოსავალი დაკარგა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არის კარგი, მაგრამ ცუდი დღეებიც. მისი თქმით, ბოლო დღეებში ქვეყანამ მძიმე გამოცდა გაიარა და მიაღწია იმას, რომ თავიდან აეცილებინა სისხლისღვრის და ძალადობის ტალღის გავრცელების საფრთხე.

"ჩვენ დაგვაზარალა რუსეთის ემბარგომ და მაშინაც დავკარგეთ რამდენიმე ასეული მილიონი, მაგრამ გადავიტანეთ ეს ყველაფერი თქვენთან ერთად და ახლა კიდევ ერთხელ დავკარგეთ რამდენიმე ასეული მილიონი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს ის მილიონებია, რომელიც საქართველოს განვითარებაში, პენსიების ზრდაში, ყველა მოქალაქის უკეთეს ცხოვრებაში უნდა ჩაიდოს.

ქვეყანაში მეტი დასაქმებული ხალხი მეტ შემოსავალს ნიშნავს, მეტი შემოსავალი კი - მეტ საპენსიო უზრუნველყოფას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ლადო გურგენიძემ წარმოადგინა პროგრამა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს სოციალური საკითხები, განვითარდეს ეკონომიკა და დასაქმდეს ხალხი.

როგორც საქართველოს პრეზიდნტმა აღნიშნა, მთავრობას აქვს რამდენიმე წინადადება სოციალურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია.

"ორი თვის წინ ვთქვი, რომ საქართველოში ამ ზამთარს არავინ უნდა იყოს მშიერი. ყველაფერი ძვირდება მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს და თითოულ თქვენგანს დაეტყობა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამის გამო წელს მთელ საქართველოში დარიგდა ელექტროენერგიის და გაზის ვაუჩერები, სოფლად კი დარიგდება თითო ტომარა ფქვილი.

გარდა ამისა, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, წელს ყველა დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათი გაეგზავნება. "მინდა, საქართველოში ყველაზე სუფრაზე ახალ წელს იყოს ქათამი, მჭადი, ყველი და სხვა კვების პროდუქტები, იყოს ღვინო, მანდარინი, ვაშლი და სხვა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პენსიების გაზრდას დაჰპირდა. პრეზიდენტის თქმით, პირველი დეკემბრიდან მინიმალური პენსია 55 ლარი, ხოლო მომავალი წლის ოქტომბრიდან 76 ლარი გახდება.

"ესეც საკმარისი არ არის, თუმცა ის პენსია აღარ არის, რომელიც ადამიანს შიმშილის ზღვარს მიღმა ამყოფებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ როგორც კი სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, გაიზრდება და დიფერენცირება მოხდება იმ დანამატების, რომლებსაც პენსიონერები სტაჟისა და დამსახურების მიხედვით იღებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა პენსიონერებს და ომის ვეტერანებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აკეთებს იმას, რისი საშუალებაც დღეისათვის აქვს. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და უსინათლოებისთვის საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათები პირველი დეკემბრიდან აღდგება. შეღავათები 3 400 ვეტერანსა და 370-მდე უსინათლოს შეეხება.

დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, თბილისის მერ გიგი უგულავასთან და ჯანდაცვის მინისტრ დავით ტყეშელაშვილთან შეხვედრისას შეღავათების გაუქმების პრობლემა ვეტერანებმა დასვეს.

გიგი უგულავას განცხადებით, პირველი დეკემბრიდან აღნიშნული ორი კატეგორიისთვის მეტროპოლიტენითა და სხვა საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობაზე შეღავათები ვაუჩერების სახით გავრცელდება. მისივე თქმით, მათი გაუქმება სიების დაუზუსტებლობით იყო გამოწვეული.

გარდა ამისა, პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ყველა ვეტერანს უნდა შეეხოს სამედიცინო დაზღვევა, რომელიც მათი მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)