Google+

რელიზები

24.11.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბურთალოს რაიონის მცხოვრებლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დღეს საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ გოთუას, კუტუზოვის, ყაზბეგის, ბახტრიონის, საბურთალოსა და სხვა ქუჩების მცხოვრებლების პრობლემები მოისმინეს და მათ გადაჭრაში დახმარებასაც დაპირდნენ.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, დედაქალაქის პრობლემების მისთვის უცხო არ არის, ვინაიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა უწევდა.

"ჩემთვის ძალიან ახლობელი და მნიშვნელოვანი თქვენი პრობლემები, ის თუ რა ხდება თქვენს ეზოებში, ლიფტებსა და ბინებში. ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ თბილისში დავაფუძნეთ ამხანაგობები, რომლებიც დემოკრატიულად მართავს თითოეულ საცხოვრებელი კორპუსის და მისი ეზოს პრობლემებს. ასეთი ამხანაგობები თბილისის მასშტაბით 2000_ია. ასეთი ამხანაგობების შექმნას ჩვენ სხვა დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და სხვა ვგეგმავთ",_განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამხანაგობები წყვეტენ, როგორი უნდა იყოს მათი კორპუსი ეზო და რა სჭირდება მას.

"პრობლემის მოგვარებაში უკვე ჩვენ ვეხმარებით. მერია 70%_ს აფინანსებს, დანარჩენს კი - კონკრეტული კორპუსის მცხოვრებლები. თვითონ საზღვრავენ, რა სჭირდება მათ ეზოს, უნდათ იყოს გარაჟები თუ უნდათ იყოს სათამაშო მოედნები. ეს მათი გადასაწყვეტია. გადაწყვეტილების შემდეგ კი, მათ მერია ეხმარება",_ აღნიშნა სააკაშვილმა.

რაც შეეხება მიშენებულ ლოჯიებს, სააკაშვილის თქმით, ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე ბინებიდან მისი მონგრევა მოხდა და არაფერი აღარ ეშველება.

"ვისაც აქვს მიშენებული ლოჯიები, პრობლემაა ის, რომ მესაკუთრეს საჯარო რეესტრში, ბინისაგან განსხვავებით, მიშენება არ აქვს გატარებული, რაც გაყიდვის შემთხვევაში პრობლემას ჰქმნის. ჩვენ ყველას, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს, მოვუწოდებთ, მივიდნენ საჯარო რეესტრში და დაირეგისტრირონ მიშენებაც",_განაცხადა პრეზდენტმა.

მისივე თქმით, ქალაქის ცენტრში რამდენიმე შენობის დანგრევა იმიტომ მოხდა, რომ ისინი ავარიულები იყვნენ.

"ჩვენ ასეთი ბინების მესაკუთრეებს უკეთეს ადგილას მივეცით ბინები. რამდენიმე შენობა იყო ასეთი. სხვა არაფერი არ დანგრეულა",_განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედაქალაქში ე.წ. ამხანაგობების თავმჯდომარეებს პირველი იანვრიდან ხელფასების გაორმაგებას დაპირდა.

მისი თქმით, ამხანაგობებს დედაქალაქის პრობლემების გადაწყვეტაში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრიათ.

მიხეილ სააკაშვილმა ამხანაგობების შექმნას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და განმარტა, აღნიშნული ინსტიტუტის ჩამოყალიბებამ დედაქალაქის პრობლემების მოგვარება უფრო სწრაფი და ეფექტური გახადა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დემოგრაფიულ და დასაქმების პრობლემებზე აქტიურად მუშაობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, აპირებს, წაახალისოს შობადობა და შექმნას დემოგრაფიული ფონდი.

რაც შეხება დასაქმებას, პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ პრობლემაზეც აქტიურად მუშაობს ხელისუფლლება და პირველი დეკემბრიდან 100 000 ადამიანს შეეძლება, დასაქმების პროგრამაში ჩაერთოს.

"ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ თვეში 200 ლარს და პროგრამა სამთვიანია. ადამიანებს, რომლებსაც ყველა იმედი დასაქმებასთან დაკავშირებით დაკარგული ჰქონდათ, აღნიშნული პროგრამით ვაძლევთ იმედს და შანსს, რომ სადმე დასაქმდნენ",_განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა დედაქალაქის მერთან ერთად საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, ორ წელიწადში დედაქალაქში საცობები აღარ იქნება.

"გიგი უგულავას ორწლიანი პროგრამა აქვს, რომელიც საცობებს თბილისის ქუჩებში მოხსნის და მოძრაობას განტვირთავს. აი, მაგალითად ტოკიოში ხუთსართულიანი მოძრაობაა. მე როდესაც იქ ვცხოვრობდი, ჩემს ფანჯარასთან გადიოდა გზა. შესაძლებელია, ასეთი განტვირთვის საშუალებებიც გამოვიყენოთ და მოძრაობის მიმართულებები თბილისში შეიცვლება",_განაცხადა სააკაშვილმა და განმარტა, რომ თბილისში მანქანების რაოდენობა გაორმაგდა და, შესაბამისად, ორჯერ გაუარესდა გადაადგილება.

"კი ვლაპარაკობთ უმუშევრობასა და გაჭირვებაზე, თუმცა მანქანები თბილისში გაორმაგდა. საცობები მართლა სერიოზული პრობლემაა. ნინო ბურჯანაძე მიდიოდა ლიტვის პრეზიდენტთან შესახვედრად და 50-წუთიან საცობში გაიჭედა. ეს საცობები ჩვენც გვეხება და ეს პრობლემა ძალიან კარგად ვიცი ",_დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, 11-ლარიანი დახმარება, რომელიც დევნილებს ეძლევათ, სულ მცირე, გასამმაგდება.

"რა თქმა უნდა, დევნილებისთვის ეს საკმარისი არ იქნება, მაგრამ ჩვენ სხვა დახმარებებზეც ვმუშაობთ. მე კობა სუბელიანს მივეცი დავალება, წარმომიდგინოს ამომწურავი გეგმა დევნილების დახმარების. მთავარი დახმარება დევნილების აფხაზეთში დაბრუნება იქნება",_ აღნიშნა სააკაშვილმა და ერთ-ერთ დევნილ გოგონას, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა, მანამდე პრეზიდენტის დასაქმების პროგრამაში ჩართვა შესთავაზა.

პრეზიდენტმა დევნილების პრობლემაზე ყურადღება მას შემდეგ გაამახვილა, რაც დევნილმა გოგონამ სააკაშვილს შეკითხვა დაუსვა დახმარებებთან დაკავშირებით.

"ყველას გაეზარდა პენსია, დახმარება, ხელფასი, დევნილებს კი ისევ 11-ლარიანი დახმარება დაგვრჩა. არც სამუშაო გვაქვს და მაინტერესებს, თუ იქნება ჩვენთვისაც რაიმენაირი დახმარება",_ ასეთი იყო შეკითხვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)