Google+

რელიზები

28.11.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, სადაც ოფიციალური შეხვედრები გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოპ სხეფერთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ჰანს გერტ პოტერინგთან.

„საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად მივიჩნიე ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრების გამართვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა დეტალური და ობიექტური ინფორმაცია მიიღონ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება კონკრეტულ დადებით შედეგებს მოიტანს. ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს სერიოზული მხარდაჭერა აქვს ნატო-ს მხრივ, რაც მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოში დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების გამართვამდე, ვიდრე ქვეყანა განვითარების ნორმალური რეჟიმს დაუბრუნდება, განსაკუთრებული აქტიურობა და ყურადღებაა საჭირო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ვფიქრობ, ევროპარლამენტისთვის აუცილებელი იყო დამატებითი ინფორმაციის მიღება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ. აღსანიშნავია ის დიდი ინტერესი, რომელსაც ჩვენი უცხოელი კოლეგები საქართველოს მიმართ იჩენენ. ისინი ელიან, რომ არჩევნები საქართველოში ნორმალურად და დემოკრატიულად ჩატარდება. ხელისუფლება და პირადად მე, ნინო ბურჯანაძე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნების დემოკრატიულობაში ეჭვი არავინ შეიტანოს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა იმ პროცესის დიდი მნიშვნელობა, რომელსაც ნინო ბურჯანაძე ოპოზიციასთან დიალოგის თვალსაზრისით ახორციელებს. მას მიაჩნია, რომ დიალოგი შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, რაც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს კონსესუსის მიღწევას, წინასაარჩევნოდ შექმნის მშვიდ, სტაბილურ გარემოს და უზრუნველყოფს საპრეზიდენტო არჩევნების უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)