Google+

რელიზები

20.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარება „033“-ის პერსონალს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით ტყეშელაშვილთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარება „033"-ის პერსონალს შეხვდა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ყველა ვითარებაში, რომელიც საქართველოში დღემდე ყოფილა და განსაკუთრებით ბოლო წლებში, თქვენი ემოციებისა და განცდების, მოსაზრებებისა და შეხედულებების მიუხედავად მაღალკვალიფიციურად და ერთგულად ემსახურებით თქვენს საქმეს. თქვენ მართლაც საპატიო მისია გაკისრიათ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები, ამ სფეროში არსებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მომავალი წლის დასაწყისში „033"-ის პერსონალი ახალ, ტექნიკურად კარგად აღჭურვილ შენობაში გადავა, ასევე, 2007 წლის ბოლომდე დასრულდება სამსახურის სატრანსპორტო საშუალებების სრულად აღჭურვა. ყურადღება გაამახვილეს სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტზე და აღნიშნეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ანაზღაურება პერმანენტულად გაიზრდება.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემოღება სახელმწიფოს მხრიდან სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო. მისი თქმით, უფასო სამედიცინო დახმარება არ გაუქმდება სადაზღვევო სისტემის გაძლიერებამდე.

"ვთვლი, რომ უფასო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მუშაობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ხელისუფლების მხრიდან და მიხარია, რომ ჩვენ, ერთობლივად ვახერხებთ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„033"-ის ტექნიკური პერსონალის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კავშირგაბმულობის პრობლემა გადაწყდა, გაიმართა სატელეფონო ხაზები და დროულად ხდება მოსახლეობის სასწრაფოსთან დაკავშირება.

შეხვედრაზე განიხილეს უახლოეს მომავალში სასწრაფოდ გადასაჭრელი საკითხები, ისაუბრეს ქალაქის გარეუბნებში ქუჩების ტრაფარეტებისა და საცხოვრებელი სახლების ნუმერაციის მოწესრიგების აუცილებლობაზე, უსახლკაროების პრობლემაზე.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ისაუბრა ექიმთა სერტიფიცირების სისტემის შესახებ და განაცხადა, რომ აღნიშნული სისტემის გამარტივება მოხდება. შეხვედრაზე ასევე აღნიშნეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის საორიენტირო სახელმძღვანელოების შედგენა ფაქტიურად, დასრულებულია.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ სამუშაოდ სათანადო პირობები გქონდეთ. შევეცდებით, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართოს ისე, რომ ყველა დაწყებული რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. მშვიდ პოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ამას უფრო ეფექტურად განვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა სწრაფად დაუბრუნდეს ჩვეულ, ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და ჩვენი ყურადღების ფოკუსირება სხვადასხვა სფეროში კონკრეტულ საკითხებზე მოვახდინოთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)