რელიზები
24.12.2007
ნინო ბურჯანაძე წლის პოლიტიკოსი გახდა
დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ"-ისა და საკონსულტაციო ჯგუფ „ჯი-სი-ჯი"-ის ორგანიზებით, „ოქროს პერგამენტი - 2007"-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო ბურჯანაძეს სპეციალური ჯილდო „ოქროს პერგამენტი" ნომინაციაში - წლის პოლიტიკოსი - გამარჯვებისთვის გადაეცა. გაწონასწორებული, პრინციპული, ინტელექტუალური და კონსტრუქციული - ეს ის თვისებებია, რომლითაც რესპოდენტებმა ნინო ბურჯანაძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შეაფასეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც 2007 წლის საუკეთესო პოლიტიკოსად დამასახელა. ეს ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზია, მით უმეტეს ქვეყანაში ასეთ პოლიტიკურად დაძაბულ, წინასაარჩევნო პერიოდში. იმედი მაქვს, ყველა სირთულეს ერთად ღირსეულად გავუმკლავდებით და დავუმტკიცებთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების სწორ გზას ადგას. ასევე, იმედი მაქვს, რომ იმ რესპოდენტებს, რომლებმაც წლის პოლიტიკოსად დამასახელეს, იმედებს მომდევნო წლებშიც გავუმართლებ ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დაჯილდოების ცერემონიალზე.
14 ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსავლენად საკონსულტაციო ჯგუფმა და ახალი ამბების სააგენტომ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 3225-მა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური