რელიზები
26.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის 65 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სასახლის ღვაწლმოსილი პედაგოგები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ეწვია, სადაც ღვაწლმოსილი პედაგოგები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
„ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა აქ ყოფნა, განსაკუთრებით კი, დღეს, როდესაც შესაძლებლობა მაქვს შევხვდე არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებმაც თაობები აღუზარდეს ჩვენს ქვეყანას. ამ კედლებში შემოსვლისას განსაკუთრებული გრძნობა გეუფლება. აქ ათწლეულების მანძილზე ახალგაზრდები სწავლობდნენ, თუ როგორი უნდა იყოს ღირსეული მოქალაქე, როგორი უნდა იყოს თავისი ქვეყნის ერთგული შვილი და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, რომ სასახლე შეინარჩუნებს თავის არაჩვეულებრივ ტრადიციებს და კიდევ ბევრ ღირსეულ ახალგაზრდას აღუზრდის ქვეყანას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოღვაწეობას მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.
„ჩვენ გვახსოვს ის დღეები, როდესაც ჩვენ გვიჭირდა და თქვენ პირველი ამოგვიდექით მხარში. ამას არასდროს დაგივიწყებთ", - განაცხადა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პროფესორმა გოგი თოდაძემ.
პედაგოგებმა ნინო ბურჯანაძეს მის მიერ სკოლის მოსწავლეობის პერიოდში სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომი ანახეს, რომელიც ფოლკლორის კაბინეტის არქივშია დაცული. ღონისძიებაზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს სახსოვრად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო სტუდიის მიერ გადაღებული ფილმების კრებული გადასცეს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური