რელიზები
16.02.2008
მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან დიალოგის ახალი ეტაპის დაწყების წინ განცხადებას აკეთებს
მოსკოვში ჩასვლისას საშუალება მექნება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით და ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტური ზონების თემები პრეზიდენტ პუტინთან ერთად განვიხილოთ. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უკვე შევთანხმდით. არის გარკვეული ინდიკაცია იმის თაობაზე, რომ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებები მიიღება და შესაძლოა რუსეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მინდა შევახსენო ჩვენს კოლეგებს რუსეთში, გუშინ მათ მიიღეს ბაღაბში და კოკოითი, ეს ის ხალხია, ვინც საჰაერო აპარატების ჩამოგდებით იმუქრება, და რეალურად დაკავებულია უკანონო, ტერორისტული საქმიანობის წახალისებით. ისინი ეთნიკური წმენდის ჩამტარებლები არიან და თავის მხრივ, რუსეთის მხრიდან მათი ასეთ დონეზე მიღება არ შედის არც რუსეთის ინტერესებში და არც საღ აზრს არ ემსახურება. მე მოვისმინე განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთს უფლება აქვს თავის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიზეც დაიცვას. თუ აფხაზეთსა და ცხინვალში იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები, ისინი იქ უკანონოდ არიან და ჩვენ არ ვცნობთ მათ მოქალაქეობას. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება საკუთარი მოქალაქეობა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე დააკანონოს და პრეტენზია განაცხადოს ამ მოქალაქეების დაცვაზე, განსაკუთრებით, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით.
ყველა, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, საქართველოს კანონმდებლობით ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება და სამართლებრივი უფლება დავიცვათ ჩვენი ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები.
მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს რუსეთში: ნუ ეთამაშებიან ცეცხლს.
ჩვენ გვსურს ორმხრივი ურთიერთობა ცივილიზებული და მეგობრული გზით დავამყაროთ. თუმცა ჩვენ ის ტერიტორია წინაპრებმა იმიტომ არ დაგვიტოვეს და ქარველთა თაობები ამ ტერიტორიის დასაცავად იმიტომ არ დაიხოცა, რომ საქართველოს საზღვრები და მთლიანობა ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს. სანამ პირში სული გვიდგას ამას ვერავინ ეღირსება. ჩვენი დიალოგის ახალი ეტაპის დაწყების წინ, ვთხოვ ჩვენს მეგობრებს მოსკოვში, რომ ეს სათანადო დონეზე გაითვალისწინონ. ჩვენ კი, ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური