რელიზები
18.03.2008
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს. მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გადამჭრელი ზომების მიღება მოსთხოვა და ბან კი-მუნს საკუთარი წინადადებები გააცნო. ლაპარაკი შეეხო დევნილების დაბრუნებასა და სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც კონფლიქტების მოგვარების პროცესში ეფექტიან რეკომენდაციებს შეიმუშავებს. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას დსთ-ის სამშვიდობო ძალების არაეფექტიან მუშაობაზეც გაამხვილა ყურადღება და ისიც აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ქართული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობას კონფლიქტების მოგვარების საკუთარ გეგმას გააცნობს.
"მე ძალზე კონკრეტულად ავუხსენი გაერო-ს გენერალურ მდივანს, რომ არსებული ვითარება არ გვაკმაყოფილებს. ეს დსთ-ის სამშვიდობო ოპერაციას შეეხება, რადგან დსთ-ის ოპერაცია, პრაქტიკულად, რუსეთის გადაწყვეტილებებისა და სანქციების ცალმხრივი მოხსნის გამო, იურიდიულ საფუძველს სრულიად მოკლებული და აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. ამის გამო, პრაქტიკულად, გაეროც ვერ ასრულებს თავის როლს, რადგან მთავარი, რაც გაეროსა და დსთ-ს ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციის შედეგი უნდა ყოფილიყო - დევნილების დაბრუნება, პრაქტიკულად არ ხდება და ეს პროცესი გაყინულია. უახლოეს დღეებში ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვალთ იმის თაობაზე, თუ რას ვთავაზობთ აფხაზებს, ასევე კონფლიქტის ზონაში ჯერ კიდევ მცხოვრებ ადამიანებს და მათ, ვინც აფხაზეთში უნდა დაბრუნდეს. ჩვენ კონსულტაცია გვქონდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, ასევე საქართველოში არსებულ და უცხოეთის სხვადასხვა ორგანიზაციასთან და შემუშავებულ წინადადებებს - კონფლიქტის გადაწყვეტის დამატებითი, ძალზე მნიშვნელოვანი და ახლებური მიდგომის შესახებ, მომავალი კვირის დასაწყისში მაგიდაზე დავდებთ. ჩვენი სურვილია, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდეს ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.
ნიუ-იორკის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს ვაშინგტონში განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური