რელიზები
27.03.2008
საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობა განახლდა
თბილისი, 27 მარტი 2008 - საქართველოს პრეზიდენტმა დღეს აამუშავა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პირველად 2008 წლის 5 იანვრის საგანგებო არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების უზრუნველყოფისათვის შეიქმნა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამთავრობო სამუშაო ჯგუფი კოორდინაციას უწევს იმ ძირითადი სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორებზე არიან პასუხისმგებელი, მათ შორის, საარჩევნო დღის მშვიდად ჩატარებასა და სამოქალაქო რეესტრის განახლებაზე, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სიებისათვის გამოიყენება, ასევე გაყალბების პრევენციასა და აღმოფხვრაზე.
ამდენად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს 21 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად სამართლიანად და თავისუფლად ჩატარება.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:
- იუსტიციის სამინისტრო: მინისტრი ნიკოლოზ გვარამია და მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი, რომელიც პასუხისმგებელია სამოქალაქო რეესტრსა და საარჩევნო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფაზე;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო: მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შოთა უტიაშვილი, რომელიც პასუხისმგებელია წესრიგის უზრუნველყოფაზე;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერგი კაპანაძე, პასუხისმგებელი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დაცვაზე, დიპლომატიურ კორპუსთან და არჩევნების დაკვირვებისათვის მოწვეულ საერთაშორისო დამკვირვებლებთან კავშირის დამყარებაზე;
- რეგიონალური კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი: სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, პასუხისმგებელი რეგიონებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე;
- გენერალური პროკურატურა: სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი თინათინ გოლეთიანი.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა გამჭირვალეა, შესაბამისად, მის შეხვედრებს შეიძლება დაესწრონ დამკვირვებლები და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის წარდგენა მოხდება 28 მარტს, 18:00 საათზე.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური