საქართველო აფხაზეთს ახალ სამშვიდობო გეგმას სთავაზობს. პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზება - შეუზღუდავ ავტონომიაზე, უმაღლესი დონის პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე, საკანონმდებლო ვეტოს უფლებებსა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე
28 მარტს საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის სეპარატისტული ტერიტორიის მიმართ ახალი ინტენსიური სამშვიდობო გეგმის ინიციატივით გამოვიდა.
„არ არსებობს ისეთი საკითხები, რომლებსაც ჩვენ და აფხაზები ვერ გადავწყვეთ მოლაპარაკების გზით" - განაცხადა მან - „შეუზღუდავი ავტონომია, ფართო ფედერალიზმი და საქართველოს ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებში ძალიან სერიოზული წარმომადგენლობა - ეს ყველაფერი გარანტირებული იქნება საერთაშორისო გარანტორების მხარდაჭერით". მხოლოდ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც არ შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება, არის -საქართველოს დეზინტეგრაცია.
ახალი შეთავაზება ეფუძნება 2006 წლის საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას, სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების მიმართ. დღეს გამოცხადდა გეგმის შემდეგი საკითხები:
- ფართო პოლიტიკური წარმომადგენლობა აფხაზებისათვის, რომელიც მოიცავს ახალ პოსტს საქართველოს ვიცე პრეზიდენტს, რომელსაც დაიკავებს აფხაზი.
- ვეტოს დაკანონების უფლება აფხაზეთის კონსტიტუციურ სტატუსზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც აფხაზურ კულტურას, ენას და ეთნიკურობას შეეხება.
- გაერთიანებული თავისუფალი ეკონომიური ზონის შექმნა გალის რეგიონში, ოჩამჩირის საზღვაო პორტის ჩათვლით.
- აფხაზეთის ავტონომიის საერთაშორისო გარანტიები და შეთავაზება რუსეთის მიმართ შუამავლის როლის შესრულებაზე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში.
„საერთაშორისო საზოგადოებრიობამ შეიმუშავა ძირითადი ნაწილი იურიდიული და პოლიტიკური მაგალითებისა იმისათვის, რომ მოხდარიყო უმცირესობის მოთხოვნების უზრუნველყოფა ეროვნული სუვერენიტეტის კონტექსტში"- განაცხადა პრეზიდენტმა. „კონსტიტუციები იცავენ უფლებებს და საერთო ვალდებულებებს. ბოლოს და ბოლოს ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა. მას საფუძვლად უდევს რწმენა, რომ დემოკრატია უზრუნველყოფს ადგილს ყველასათვის. ეს არის ის, რისი მიღწევის პროცესშიც ვიმყოფებით ამჟამად საქართველოში".
საქართველოს მთავრობამ ასევე თხოვნით მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მონს, რათა მან კარგად გადახედოს მიმდინარე სამშვიდობო ფორმატს, რადიკალური რეფორმის გატარების თვალსაზრისით.
II.აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის ძირითადი ასპექტები
1.ფართო პოლიტიკური წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობის უმაღლეს დონეზე: პრეზიდენტმა შესთავაზა აფხაზეთს მთელი რიგი პოლიტიკური უფლებები, რომელიც მოიცავს შემდეგს:
- უფლებას, დაიკავონ საქართველოს ვიცე პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სპეციალურად აფხაზებისთვის შეიქმნება;
- გარანტირებულ წარმომადგენლობას საქართველოს ყველა სახელისუფლო ორგანოში, პარლამენტისა და მინისტრების ჩათვლით, ასევე ადგილობრივ მთავრობაში.
2.ვეტოს უფლებებს აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკვანძო კანონზე. აფხაზეთის წარმომადგენლები შეინარჩუნებენ ვეტოს უფლებას ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც დაკავშირებული იქნება აფხაზეთის კონსტიტუციურ სტატუსთან და აფხაზური კულტურის, ენის და ეთნიკურობის შემდგომ განვითარებასთან.
3.ერთობლივად კონტროლირებად თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას. ზონები შეიქმნება გალის რეგიონში და მოიცავს იმ ტერიტორიებს, რომლებიც კონფლიქტის გამო მოსახლეობისაგან დაცარიელებული იქნა, ასევე ოჩამჩირის საზღვაო პორტი გაკონტროლდება აფხაზეთისР და საქართველოს ხელისუფლების მიერ, ყველა სხვა გარე მხარის ჩარევის გარეშე.
4.აფხაზური და ქართული სამართალდამცავი უწყებების და საბაჟო სამსახურების თანდათანობით შერწყმას.
5.საერთაშორისო გარანტიებს ფართო ფედერალიზმის, შეუზღუდავი ავტონომიის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა შესთავაზა აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიები აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას არსებითი როლი შეასრულონ ამ გარანტიების უზრუნველსაყოფად. მან ასევე მოწვევა გაუგზავნა რუსეთის ფედერაციას -გადავიდეს კონფლიქტში მონაწილე მხარიდან შუამავლის როლზე, საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებთან ერთად.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური