რელიზები
21.04.2008
მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
1 აპრილის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილმა 20 აპრილს განხორციელებული აგრესიის აქტის გამო - როდესაც რუსულმა MIG 29 "Fulcrum"-მა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუიარაღებელი უპილოტო რეკოგნოსცირების თვითმფრინავი გაანადგურა, კატეგორიული პროტესტი გამოთქვა.
საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მეშვეობით მიმდინარეობს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების სამხედრო პოტენციალის ზრდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და მოითხოვა დაუყოვნებლივ შეწყდეს რუსეთის მხრიდან მსგავსი სამხედრო დახმარება. ასევე, კატეგორიულად დაისვა საკითხი რუსი სამხედროების მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, გუდაუთის სამხედრო ბაზის გამოყენების დაუშვებლობისა და მისი გადაუდებლად დახურვის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა მკვეთრი პროტესტი რუსეთის ფედერაციის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დესტრუქციული ქმედებების გამო, რომლებიც მიმართულია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილის ფაქტობრივი ანექსიისკენ. მიხეილ სააკაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს "აფხაზეთში, საქართველო, კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ" 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რეჟიმიდან რუსეთის ფედერაციის გამოსვლის შესახებ 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ რუსეთის მთავრობისადმი 2008 წელს 16 აპრილის დავალებების გაუქმება.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან ორ სახელმწიფოს ურთიერთობებში არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური