Google+

რელიზები

23.04.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს აქვს ვიდეოფირი, რომელიც უტყუარი ფაქტია იმისა, რომ ქვეყანა აგრესიის მსხვერპლია. მიხეილ სააკაშვილი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის დაფირინავდნენ და კვლავაც იფრენენ ქართული საფრენი აპარატები. ეს არავის საქმე არ არის, მით უმეტეს რუსეთის, რადგან ამით არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ირღვევა.

„დღეს ჩვენი უშიშროების საბჭოს სხდომა წინ უძღვის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც საქართველოს მოთხოვნით და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით არის მოწვეული. ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, ეს პირველი სხდომაა, რომელიც მსგავს გარემოებებში საქართველოს მოთხოვნითაა მოწვეული და რომელმაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიული მოქმედების საკითხი უნდა განიხილოს. ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს ამ სხდომაზე დასწრება გაეროს წევრმა ყველა ევროპულმა ქვეყანამ მოითხოვა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევააა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ჩვენ მთელი რიგი დიმპლომატიური ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის, გავაგზავნეთ ჩვენი წარმომადგენლები ევროპაში. ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და უშიშროების საბჭოს მდივანს ხვდება. ნიუ-იორკში იგი უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა. ევროპაში იმყოფება ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომლსაც ამ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი შეხვედრა და გამოსვლა ჰქონდა. ამავე დროს, არ შემიძლია შეშფოფთებით არ აღვნიშნო, რომ 25 აპრილს რუსეთის ფედერაციის საბჭო აპირებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი განიხილოს. მას შედეგ, რაც რუსეთმა პრაქტიკულად იურიდიულად დააკანონა ანექსია აფხაზეთში, მას შემდეგ, რაც ჩვენ პირველად მივიღეთ დოკუმენტური ვიდეომასალის უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ გავხდით აგრესიის მსხვერპლი, საბოლოო აქტის განხილვა ხდება, რომელიც, თავის მხრივ, ასევე, ძალზე უხეში პროვოკაციაა.

თქვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინათ მომხდარ ინცინდენტზე რუსეთის პირველი რეაქცია - რას აკეთებდა ქართული საფრენი საშუალება განმუხურის თავზე გალის რაიონის მიდამოებში. ამით რუსეთი საკუთარი მოქმედების გამართლებას ცდილობდა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი შეუიარაღებელი მფრინავი საშუალებები, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, დაფრინავდნენ, დაფრინავენ და ყოველთვის იფრენენ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არავის არ ეხება, მათ შორის, არც ჩვენს მეზობელ რუსეთს. ამის შესახებ გაერო გავაფრთხილეთ და ვაპირებთ, რომ მსგავსი სამართალდამცავი ღონისძიებები მომავალშიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განვახორციელოთ. დღეს უკვე რუსეთში მიხვდნენ, რომ პრობლემაა არა ის, თუ რას აკეთებდა ჩვენი საფრენი საშუალება ჩვენივე ტერიტორიაზე (ეს მათ ვერ გაამართლებს), პრობლემა ისაა, თუ რას აკეთებდა მათი "მიგ-29" გუდაუთაში, რომელიც რუსეთის მიერ ოფიციალურადაა დახურული, რას აკეთებდა ის საჰაერო სივრცეში, რატომ ისროდა რაკეტებს და რატომ ბომბავდა ქართულ სოფლებს?

ჩვენ გვაქვს ვიდეომასალები და რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ოფიციალურმა მოკოვმა და ბაღაფშმა, რომ ეს არის ჰოლივუდის მიერ გაკეთებული მონტაჟი, არც საქართველოს და აშშ-ს არ ჰყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც მსგავსი მონატჟის გაკეთებას შეძლებენ. ასეთი მაღალი ხარისხის გადაღების საშუალება, საშინელებათა ფილმებშიც არ არის.

ამგვარად, ვფიქრობ, უნდა ვიყოთ ძალზე მშვიდნი, მაგრამ მომზადებული უნდა გვქონდეს მნიშვნელოვანი პასუხები დიპლომატიური სპექტრის ფარგლებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოს წინ მკვეთრი და მყარი პოზიციის ჩამოყალიბება და ამ პოზიციის დაცვა საერთაშორისო არენაზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რაც ვლადიმერ პუტინს ვუთხარი - მზად ვართ მოლაპარაკებისათვის იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება საქართველოს ტერიტორიის ანექსიის იურიდიული აქტი" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)