Google+

რელიზები

17.05.2008
ქუთაისში საერთაშორისო ბიზნესკონფერენცია გაიმართა

დღეს ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები და მეწარმეები ესწრებოდნენ. კონფერენციას მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და საზოგადოებას მიმართა. "ქუთაისმა ძველი ხიბლი და მიმზიდველობა უნდა დაიბრუნოს და ის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ღერძი უნდა გახდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც ქართველი ისე უცხოელი ბიზნესმენები ქუთაისის განვითარება-რეაბილიტაციის გეგმაში ერთვებიან. მაგალითად, ფეხსაცმლის დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა მოიპოვა იაფი კრედიტი, რომლის საშუალებითაც იგი ფეხსაცმლის ფაბრიკას ქუთაისში გახსნის. ასევე სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი ქუთაისში სასტუმროების ქსელის განვითარებას აპირებს. ქუთაისის სწრაფი განვითარების პროექტის ფარგლებში, 18 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმილი.

"ქუთაისის ქცევა საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ, ტურისტულ, კულტურულ და ადმინისტრაციულ ცენტრად; ქუთაისის ქცევა, როგორც სწორად ითქვა, მეორე დედაქალაქად, არის პრესტიჟის, ამბიციის, ოცნებისა და ასევე ძალიან ბევრი კონკრეტული გეგმების თემა. ამის წარმატებით გაკეთებას მხოლოდ ჩვენი პარტნიორობის - ბიზნესისა და სახელმწიფოს პარტნიორობის შემთხვევაში შევძლებთ. ჩვენი ამბიციაა, რომ ქუთაისი სრული დასაქმების ქალაქად ვაქციოთ. ეს შესაძლებელია და აუცილებლად გასაკეთებელი. ქუთაისში არის ძალიან განათლებული, კარგი, კვალიფიციური ინჟინრები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, აქ არის ხალხი, რომელსაც შეუძლია და სურს მუშაობა და რომლის პოტენციალი უდავოდ უნდა გამოვიყენოთ. რას გააკეთებს სახელმწიფო ქუთაისისათვის და რა შეიძლება გააკეთოთ თქვენ. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ავტობანი, რომელიც აეროპორტს დააკავშირებს, როგორც ქუთაისთან, ისე ფოთთან და საქართველოს შავიზღვისპირეთთან. ეს იქნება იმ დიდი ავტობანის გაგრძელება, რომელსაც რიკოთამდე ვაშენებთ. ეს რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას. მეორე საკითხი შეეხება ქუთაისის კეთილმოწყობას. ჩვენ ვახორციელებთ დიდ პროექტს, რომლის მიხედვით ქუთაისში 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა იყოს. ეს არის ამოცანა, რომელიც კომუნისტებმა ათწლეულების განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს. მათ ჯერ შექმნეს ინდუსტრიული ცენტრი და შემდეგ დაიწყეს ფიქრი იმაზე, საიდან უნდა მოეტანათ წყალი. ქუთაისსა და წყალტუბოს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. მიმდინარეობს გაზიფიკაცია როგორც ქუთაისის, ისე მთელი იმერეთის მასშტაბით. ამ მხრივაც ბევრად უკეთესი პირობები შეგვექმნება. ჩვენ და ბიზნესის წარმომადგენლები ერთად წავედით სიღნაღში და ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ერთად წავედით ბათუმში და იქაც ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ ერთად ვახორციელებთ პროექტებს თბილისში და აუცილებლად განვახორციელებთ პროექტებს აფხაზეთში. ასევე, აუცილებლად უნდა შევქმნათ ქუთაისის ეკონომიკური სასწაული - საქართველოს მეორე დედაქალაქის მყარი ეკონომიკური საფუძველი თითოეული მისი მცხოვრებისათვის. აი, ეს არის ჩვენი მონახაზი და არ არის მხოლოდ გეგმა - თითოეულ სიტყვას სისრულეში მოვიყვანთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)