21.05.2008
მთაწმინდის მე-19 საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან სანდრა რულოვსთან ერთად მივიდა
მთაწმინდის მე-19 საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან სანდრა რულოვსთან ერთად მივიდა და ხმა მიცა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საერთაშორისო საზოგადეობა, საქართველოს მეგობრები და არაკეთილმოსურნეები საქართველოში მიმდინარე არჩევნებს აკვირდებიან. მან სთხოვა ყველა მხარეს დაიცვან დისციპლინა და ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას.
მისი თქმით, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება ეროვნული უსაფრთხოების და ღირსების საკითხია. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მომავალ პარლამენტში შესულ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის მზადყოფნაზე და აღნიშნა, რომ 7 პროცენტიდან 5 პროცენტამდე საარჩევნო ბარიერის შემცირების გამო, პარლამენტში დამატებით რამდენიმე პარტია გავა.
„მინდა ვთქვა, რომ ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა იმიტომ, რომ სანდრასთვის ეს არის პირველი ხმის მიცემა საქართველოში. ის საქართველოში ცხოვრობს 15 წელი. სანდრა უკვე საქართველოს მოქალაქეა და ეს პრივილეგია მას მიანიჭა ნინო ბურჯანაძემ, როცა ის ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. სწორედ ამიტომ დღევანდელი დღეს ჩვენი ოჯახისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება არჩევნებს, მინდა ყველას ესმოდეს, რომ ამ არჩევნებს გაფაციცებით შეჰყურებს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან დიდი ნაწილი. ჩვენი მეგობრებიც და ისინი, ვისაც ჩვენთვის კარგი არ უნდათ. ამიტომ მე მინდა ვთხოვო ჩვენს თანამოქალაქეებს - გამოიჩინონ უკიდურესი დისციპლინა და სიმშვიდე ჩვენი არაკეთილმოსურნეების იმედგასაცრუებლად და ასევე ჩვენი ქვეყნის მომავლისა და ჩვენი კეთილმოსურნეების გულის გასახარადაც. საქართველო ძალიან რთულ საერთაშორისო ვითარებაში იმყოფება. ამხელა ზეწოლისა და შანტაჟის ქვეშ ორგანიზებული, მშვიდი საარჩევნო კამპანიის ჩატარება და შემდეგ ორგანიზუბული და მშვიდი არჩევნების ჩატარება ეს იქნება დიდი გამოცდის ჩაბარება ქართული დემოკრატიისა და ქართველი ხალხის წინაშე. ეს იქნება სიურპრიზი დანარჩენი ხალხისათვის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის. მინდა მოგიწოდოთ ყველს მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ საერთაშორისო და საშინაო დამკვირვებლებს, რათა მაქსიმალურად თანამშრომლობის რეჟიმში იმუშაონ, არ დაუშვან დარღევვები. ეს არის ჩვენთვის ეროვნული უსაფრთხოების, ღირსებისა და ჩვენი მომავლის საკითხი.
ვფიქრობ, ყველაფერი იქნება კარგად, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. და როგორც ყოველთვის, იღბალი აღმოჩნდება საქართველოს მხარეს" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური