საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელმოწერილი შეთანხმების დეტალებზე კომენტარი გააკეთა
მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლა სარკოზის ერთობლივი ბრიფინგის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა უკვე ხელმოწერილ შეთანხმების დეტალებზე, რომლის თანახმად რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორია კონკრეტულ ვადებში უნდა დატოვონ.
''ყველა ჯარი უნდა გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან. ამ ეტაპზე რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც რუსეთის ჯარები უნდა გავიდნენ ფოთიდან, სენაკიდან, ზუგდიდიდან და ცხინვალის მიმდებარე სოფლებიდან, ასევე ხალხს უნდა მისცენ უკან დაბრუნებლის საშუალება. საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ ევროპელი დამკვირვებლები, რომლებიც თანდათან რუსების ჩანაცვლებას დაიწყებენ. ამ ევროპელების მანდატი უნდა გავრცელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე და ევროპელი დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დაბრუნდნენ დევნილები.
დღეს ევროკავშირის პრეზიდენტმა წერილობით დამიდასტურა, რომ მხარს უჭერენ 1992 წლიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებას -საუბარია ნახევარ მილიონ ადამიანზე. ევროპამ დიდი დაგვიანების შემდეგ აღიარა, რომ ეს ხალხი თავის მიწა- წყალზეა დასაბრუნებელი. ევროპას და ამერიკას აქვს დიდი მექანიზმი.
დღეს, როგორც არასდროს, რეალური გახდა ამ კონფლიქტების მოგვარება, თუმცა საჭიროა მოთმინება და სერიოზული დიპლომატიური გადაწყვეტა. ოქტომბერში საქართველოში სარკოზი, ბუში, მერკელი და ასევე 20-26 ევროპელი და მსოფლიოს ლიდერი ჩამოვა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით თავი უნდა მოვიწონოთ, თავის მოწონებამდე ძალიან შორს ვართ, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს დევნილები, მაგრამ ეს რის შანსი, რომ საქართველო მართლაც გახდეს წარმატებული, მთლიანი და ევროპული ქვეყანა.
ჩვენ ევროპელ ლიდერებს გადავეცით მასალები, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან დიდი შემოჭრა და სატანკო შეტევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ძალისხმევით მოხერხდა უტყუარი მასალების მოგროვება.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს დეოკუპაიცა მშვიდობიანი დიპლომატიური ხერხებით. სხვა რეცეპტი, მე, როგორც საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობით აღჭურვილ პირს, არ გამაჩნია.
ჩვენი ამონაცა საქართველოს ფეხზე დაყენებაა. ჩვენ წინ რთული გზა გვაქვს, მაგრამ ყველამ ერთად მოთმინება უნდა ვიქონიოთ, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები და მშვიდები და ყოველივე ეს აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური