საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში შიდა ქართლის გამგებლებს შეხვდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში შიდა ქართლის გამგებლებთან შეხვედრისას განცხადება გააკეთა:
"მოგესალმებით, დღეს ჩვენ შიდა ქართლში აღდგენის პროცესებთან დაკავშირებით ტრადიციულ თათბირს ვატარებთ.
ჩვენ ყველამ ერთად ვიბრძოლეთ, რათა დაგვეცვა საქართველო დიდი აგრესიისაგან. გორი გმირული ქალაქია, მაგრამ ჩვენ ქვეყნის აღსადგენად ბევრად მეტი ბრძოლა გვჭირდება.
გორი ჩვენი საზრუნავია, რადგან ბევრი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი, ბევრმა დაკარგა ბიზნესი, შემოსავლის წყარო და სოციალური გარემო.
ჩვენი ღირსების საკითხია ამ ხალხის დასახლება და ქვეყნის დაბრუნება იმ მდგომარეობაში, რომელშიც სოციალური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ვიყავით ომის წინ.
ჩვენ გამოვაცხადეთ რეკონსტრუქციის და აღდგენის 18 თვიანი გეგმა და 2 თვეა ამ გეგმით ვმუშაობთ.
ჩვენ დავდეთ პირობა, რომ 18 თვეში მთელი დანგერული ინფრასტრუქტურა აღდგენილი იქნება. გზაში ვუყურებდი ახლად აღდგენილ სახლებს, ერთის მხრივ, ეს მტკივნეულია, რომ ახლიდან გვიხდება ამ სახლების აშენება, ხოლო მეორეს მხრივ სასიამოვნოა, რომ ასე ჩქარა მოვახერხეთ აშენება.
ჩვენ მადლობლები ვართ უცხოური დახმარებების, მაგრამ უცხოური დახმარებებისათვის რომ დაგვეცადა, ვერაფერს ვერ გავაკეთებდით.
ჩვენ თავად ბევრად უფრო ჩქარა ვაკეთებთ ყველაფერს, როცა ამის სურვილი გვაქვს.
პირველ რიგში ჩვენ ვაშენებთ 5 ათასამდე სახლს, მათ შორის 1600 სახლს გორში და სხვა რაიონებში 400-მდე ბინას ვარემონტებთ, ათობით სოფელში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ოკუპანტებისა და ბანდფორმირებების მიერ ამ განთავისუფლებულ სოფლებში 1600 სახლია დამწვარი და განადგურებული.
ქვეყნის აღდგენა არა მარტო ახალი სახლების მშენებლობაა, არამედ ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
ყველაზე დიდი საზრუნავი არის სამუშაო ადგილების შექმნა და შენარჩუნება. ჩვენი 18 თვიანი პროგრამის პირველი ეტაპი არის სახლების აშენება, გზების შეკეთება, ინფრასტრუქტურის აღდგენა, მთავარია დავუბრუნდეთ სოციალური და ეკონომიკური განვითარების ომომდელ ტემპებს.
უბედურება ის არის, რომ ამ ყველაფერს მსოფლიო კრიზისი დაემთხვა,
რამაც გამოიწვია ის, რომ ეკონომიკა ორმაგ შოკში იმყოფება.
ჩვენ ვართ დიდი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე, მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხი ამ გამოწვევებზე - არა ხელის მოჭერა, არა რამის გამკაცრება, არამედ პირიქით, ბიზნესის ბევრად უფრო მეტი განთავისუფლება და ლიბერალიზიაცია, უფრო დაბალი გადასახადები, მთლიანობაში უფრო დემოკრატიული გარემო და დამოუკიდებელი სასამართლო, ჩვენი ხალხის უფრო მეტი დამოუკიდებლობა და განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვხსნით საწარმოებს.
მინდა დიდი მადლობა გამოვხატო ყველა გორელის მიმართ. ჩვენ იძულებული ვიყავით გავსულიყავით თბილისის დასაცავად, სხვანაირად ვერც გორს და ვერც დანარჩენ ქვეყანას ვერ შევინარჩუნებდით.
სხვანაირად ოკუპანტი აქედანაც არ გავიდოდა, თუმცა ჯობდა, რომ მათი გასვლა უფრო ორგანიზებული ყოფილიყო. გორელებმა გამოიჩინეს საოცარი გამბედაობა და გმირობა.
ეს ქალაქი ჩვენ განსაკუთრებული სითბოთი და ყურადღებით უნდა აღვადგინოთ. ჩვენი ამოცანაა გორის 100%-იანი დასაქმების ქალაქად გადაქცევა.
მინდა თქვენგან მოვისმინო პრობლემების შესახებ. რა საკითხებს აყენებს ხალხი თქვენთან?
ჩვენი ამოცანაა, რომ ზამთარს შევხვდეთ გამთბარი კერით.
ყველა სახლში იყოს სითბო, წყალი, ყველა ბავშვი იყოს სკოლაში და ყელას ჰქონდეს დასაქმების პერსპექტივა.
ეს ჩვენი ღირსების საკითხია".
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური