რელიზები
10.11.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქსა და ნინოწმინდას ესტუმრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში ვლადიმერ სარადარიანის ოჯახში პირველმა აანთო გაზქურა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ პირობა შეასრულა და ქალაქის გაზიფიკაცია დაასრულა. „ბუნებრივი აირით ამ დროისათვის ქალაქის ნაწილი მარაგდება, წლის ბოლომდე კი მილსადენი სისტემა უკვე მთლიანად მოიცავს ახალქალაქს. უახლოეს მომავალში, გაზაფხულიდან კი, უკვე მთლიანი რეგიონის გაზიფიცირება იგეგმება" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ახალქალაქიდან მიხეილ სააკაშვილმა ნინოწმინდაში გადაინაცვლა, ჯინსის სამკერვალო დაათვალიერა და მუშა-მოსამსახურეების პირობებით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტი მათ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას შეჰპირდა. "თუ ადრე ამ ქსოვილების ფაბრიკაში ხალხი ჩიოდა, რომ ადგილობრივი მოხელეები მდიდრდებოდნენ ხალხის ხარჯზე, ახლა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს,რომ ხალხი გამდიდრდეს. მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, საქართველოში მაინც იხსნება ასეთი დიდი საწარმოები. ჩვენ საშუალება გვაქვს,რომ აქ ავაშენოთ რკინიგზა" -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი 11 წლის მოზარდის არმენ მოსოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. ოჯახმა მიხეილ სააკაშვილს დახმარება რამდენიმე თვის წინ სთხოვა. 11 წლის ინვალიდმა მოზარდმა უკვე ფეხზე გაიარა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა სოფელ პერევში არსებულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს არის ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დარღვევა, როდესაც რუსი ოკუპანტები და ოსური დაჯგუფებები სოფელ პერევში იმყოფებიან.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,რომ შემდგომი პროვოკაციები აღარ გაუვიდეთ.საქართველო ძალიან რთულ და დაძაბულ ბრძოლაში არის ჩართული. ევროკავშირის მისია აფიქსირებს, რომ რუსების მხრიდან სერიოზული დარღვევებია. ჩვენ ამას არ შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური