Google+

რელიზები

19.11.2008
ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა

ვალენსიაში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა და ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიაზე, ქვეყანაში ომის შემდგომ შექმნილ პრობლემებსა და დაზარალებულების მდგომარეობაზეც ისაუბრა.

სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას რუსული დელეგაცია აპროტესტებდა და მიხეილ სააკაშვილის სიიდან ამოღებას ითხოვდა. მოსკოვის მოთხოვნა ვალენსიაში არ დააკმაყოფილეს, რის შემდეგაც რუსულმა დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ერთადერთი მომავალი ევროპული მომავალია. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროსტრუქტურებთან და ნატოსთან დასაახლოებლად. სხვა ალეტერნატივა და მიზანი, გარდა ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა, არ გაგვაჩნია. რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეთ ატლანტიკურ სტრუქტურასთან და ევროკავშირთან. ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ, სწორედ ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. ოთხი წლის წინ კორუფცია ჩვენი დიდი სენი იყო, მოსახლეობის სამოცდაათი პროცენტი თავად იყო კორუფციის მონაწილე ან მსხვერპლი. დღეს მოსახლეობას სჯერა, რომ კორუფციისაგან ზიანი არ მიადგება. ბიზნეს რეიტინგებში 147-ე ადგლილზე ვიყავით. დღეს კი, მეთხუთმეტე ადგილზე ვართ. საქართველო მხარს უჭერს ევროკომისიის მიერ გატარებულ ევროპის სამეზობლო პოლიტიკას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი გვქონდეს და საქართველო ისეთივე მიმზიდველი იყოს ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით,როგორც აგვისტოს მოვლენებამდე იყო,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი რუსული ინტერვენციის თემასაც შეეხო.

"რუსეთის სამხედრო ქმედება არ იყო საპასუხო რეაქცია საქართველოს ქმედებებზე, ეს იყო სუვერენული სახელმწიფოს ინტერვენცია. ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა, რათა არ აღმოჩენილიყვნენ მტრის ხაფანგში; ჩვენ უნდა გვეზრუნა ქვეყნის გადარჩენაზე. რუსების სამშვიდობო ძალების მანდატს არასდროს ვაღიარებთ, მასში წარსულშიც ეჭვი გვეპარებოდა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი, ეს პოზიცია საბოლოოდ გამყარდა. არ ვაპირებთ რუსეთთან რაიმე ახალი სამშვიდობო ფორმატის შექმნას. ჩვენ ადრეც მოვითხოვდით და ახლაც მოვითხოვთ, რომ მონიტორინგში ჩაერთონ საერთაშორისო საპოლიციო ჯარები. "ძალა ერთობაშია",- არის ასეთი ქართული გამოთქმა, თუმცა ძალა ერთობაშია არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მთელი ევროპისათვის",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)