რელიზები
23.11.2008
საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტები დაზარალებულ ოჯახს ესტუმრნენ
თბილისს პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ესტუმრა. ლეხ კაჩინსკი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, ვარდების რევოლუციის 5 წლისთავთან დაკავშირებით ჩამოვიდა. ასევე, მისი სურვილი იყო სოლიდარობის კვირეულში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტი და მისი პოლონელი კოლეგა, კასპის რაიონის სოფელ მეტეხში გაემგზავრნენ, სადაც რუსული ინტერვენციის შედეგად დაზარალებული ადამიანებისათვის საგანგებოდ აშენებული ბინები მოინახულეს და დაზარალებულებს პირადად შეხვდნენ. ერთ-ერთ ოჯახში ლეხ კაჩინსკის დღეს ქართული ღვინითაც გაუმასპინძლდნენ. პოლონეთის პრეზიდენტმა დაზარალებულების ოჯახი დალოცა და საკუთარ სახლში დაბრუნება უსურვა.
"ახლახან იმ ხაზთან ვიყავით, რომელიც რუსებმა ახალგორში გააკეთეს და ვნახეთ ის ხალხი, ვინც თქვენ საკუთარ სახლებში არ გიშვებთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ, აქ ჩემს მეგობართან, პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად ჩამოვედი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფოს წარმოადგენს. სანამ ამ მდგომარეობაში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მდგომარეობა დროებითია, ჩვენ აქ არაფერს არ მოგაკლებთ არც საყოფაცხოვრებო და არც დასაქმების შესაძლებლობების თვალსაზრისით. ძალიან კარგად მესმის ის ტკივილი, რომელიც თქვენ განიცადეთ. პირადად მე ამას სამჯერ და ოთხჯერ მეტად განვიცდი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დაზარალებულებთან სტუმრობისას.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური