Google+

რელიზები

09.12.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენერგეტიკულ კომისიას შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ენერგეტიკული კომისია მოიწვია და ამ სფეროში შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, პარლამეტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და სემეკ-ის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის იფორმაციით, 2008-09 წლის ზამთრის სეზონს საქართველოს ენერგოსექტორი მომზადებული ხვდება. მისი თქმით, ყველა საჭირო რესურსი მობილიზებულია. აღდგენილია ჰიდრო და თბოელექროსადგურები, ასევე - ელექტროგადამცემი ხაზები.

"მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილსრესში ამ ზამთრისთვის მაზუთის ე.წ. ხელშეუხებელ რეზერვს ვქმნით, რათა ნებისმიერი ფორსმაჟორის შემთხვევაში სისტემა და მომხმარებელი უზრუნველყოფილი იყოს სტაბილური, უწყვეტი ელექტრომომარაგებით", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფეროს გრძელვადიანი გეგმებში ჰიდროენერგო რესურსების მაქსიმალურად ათვისებაა.

"საქართველოს ჰიდრორესურსების მხრივ დიდი შესაძლებლობა აქვს, ასევე სერიოზული შესაძლებლობა აქვს ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ დაცული ვიქნებით გრძელვადიანად, არამედ ჩვენ უამრავი ახალი დასაქმებული და სამუშაო ადგილი გვექნება საქართველოს რეგიონებში - რაჭაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში. ეს სამი მნიშვნელოვანი პროექტია. მთავარი საკითხი, რომელიც ომის შემდეგ მსოფლიო კრიზისისა და საბოტაჟის საფრთხის პირობებში ქართულ საზოგადოებრიობას აწუხებს არის - შევძლებთ თუ არა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხალხი უწყვეტად მარაგდებოდეს ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით - ქვეყანაში სიცივე და სიბნელე არ იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საბოტაჟის შემთხვევაში რეგიონების ელექტროენერგიით მომარაგება ავარიულ რეჟიმში მაზუთის რეზერვის ხარჯზე გახდება შესაძლებელი. ეს კი, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ რუსეთზე ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული - წელს პირველი წელია, როდესაც საქართველო პრაქტიკულად აღარ არის დამოკიდებული რუსეთზე. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი სომხეთს არ გათიშავს, თუმცა ამ შემთხვევაშიც დანაკლისის შევსებას აზერბაიჯანიდან ვარაუდობს.

"საქართველოს თავდაცვის ხაზი განათებულ და გამთბარ სახლებზე გადის. საქართველო უნდა იყოს განათებული და გამთბარი", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, 2010 წლის პირველი ნახევრისთვის დასრულდება საქართველოს სოფლების ძირითადი ნაწილის გაზიფიცირება. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით კი, 20 დეკემბრამდე გაზიფიცირების თაობაზე ხელშეკრულება აზერბაიჯანის ნავთობკომპანიასთან იქნება ხელმოწერილი, რომელიც 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი დასძინა რომ ამ 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ბუნებრივ გაზს უცვლელი ტარიფით მიიღებს.

ხეთაგურის განცხადებით, ასპინძისა და ახალციხის გაზიფიცირება ამ დროისთვისაც გრძელდება.

მიხეილ სააკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრს ბრიგადებისა და ტრანსპორტის დამატება დაავალა, რათა პრობლემების შექმნისა და ტექნიკური ავარიების შემთხვევაში ყველაზე მიუწვდომელ ადგილებშიც კი ხარვეზები მომენტალურად აღმოიფხვრას.

"წელს ჩვენი ამოცანაა, რომ თუნდაც მსოფლიო კრიზისის პირობებში, ზამთარში ელექტროენერგია უწყვეტად უნდა მიეწოდებოდეს მოსახლეობას. ყველგან, სადაც შევა ბუნებრივი გაზი, უწინარესად, უნდა მივუერთოთ სკოლები, სავაადმყოფოები და ამბულატორიები.

"როგორი პოლიტიკური გართულებაც არ უნდა იყოს მოსალოდნელი, საქართველოსთან ენერგეტიკული კავშირის გაწყვეტა რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება, რადგან ეს მის სამხრეთ ნაწილს დიდ პრობლემებს შეუქმნის. იმის გამო, რომ ენერგეტიკაში ჩვენ დიდი საკმაოდ თანხა ჩავდეთ, ხოლო რუსეთმა სამხრეთ ნაწილში - არა, საქართველოს ენერგოსისტემა ბევრად უფრო მდგრადია, ვიდრე რუსეთისა.

"რაც შეეხება მომავალს, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან უნდა შევქმნათ ძალზე მდგრადი, ერთიანი, ჩაკეტილი სისტემა.

"ჩვენ ამ ომმა დაგვაკარგინა დრო. მაგრამ იმედია ახლა მაინც გავაკეთებთ იმას რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია, რადგან ზამთარში ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მთავარი საკითხია საქართველოს მომარაგება ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით. საქართველოს თავდაცვის ხაზი დღეს გადის განათებულ სახლებზე, მომუშავე საწარმოებზე, გამთბარ სკოლებსა და საავადმყოფოებზე და კმაყოფილ საზოგადოებაზე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო გამთბარი და განათებული იყოს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს ასე უნდა იყოს " - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)